პოლიტიკა
პროტესტის მეორე დღე ტყიბულში - მეშახტეები ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან
FaceBook

ტყიბულში მეშახტეები ფართომასშტაბიანი აქციისთვის ემზადებიან.


"დღეს იქნება ფართო მასშტაბის აქცია. ჩვენთვის მიუღებელია კომპანიის შემოთავაზება, რომელიც გუშინ მოვიღეთ. ამიტომაც ჩვენი ძალა უნდა ვაჩვენოთ",- ამბობს ერთ-ერთი მეშახტე ხვიჩა გაბუნია.

მათ პროტესტს მშობლების ნაწილიც შეუერთდა, რომლებმაც ბავშვები სკოლაში და ბაღებში აღარ გაუშვეს.

"მე მხარში ვუდგავარ ჩემს ქმარს, რომელიც არის მეშახტე. რა აზრი აქვს ბავშვების სკოლაში გაშვებას," - ამბობს ნესტანი კვანტალიანი.

"ბევრი ბავშვი ისე მიდის სკოლაში, რომ ჩაის ვერ ასმევს მშობელი და რვეულიც არ აქვთ. პროტესტი მხოლოდ ხელფასის მიღებაზე კი არ გვაქვს, გვინდა ხვალინდელი დღე, გვინდა იმუშაოს შახტამ",- აცხადებს მაკა ტურძილაძე.

ტყიბულში აქცია 24 სექტემბერს დაიწყო. გაფიცული მეშახტეები ხელფასს ითხოვენ, რომელსაც შახტის 1000-მდე თანამშრომელი ელოდება. პროტესტის ნიშნად მეშახტების ნაწილი შახტში  ჩავიდა.


50-მა მეშახტემ შიმშილობა დაიწყო, ხოლო დანარჩენი  ტყიბულის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ იყო შეკრებილი.

კომპანია "საქნახშირის" დირექტორი ჯამბულ ჯაყელი 24 სექტემბერს შახტში გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა, თუმცა,  ერთსაათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

შახტის თანამშრომლები შეხვედრით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ კომპანიის წარმომადგენლებისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღეს.

ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა გუშინვე პრემიერ-მინისტრს სამ პუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს.

მიმართვის ტექსტში აქციის მინაწილეები გიორგი გახარიას შახტში დასაქმებულთა მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე აწვდიან ინფორმაციას და სასწრაფო რეაგირებისჯენ მოუწოდებენ. მეშახტეები მთავრობის მეთაურს მოთხოვნების არდაკმაყოფილების შემთხვევაში პროტესტის რადიკალური ფორმების გამოყენების შესახებაც აფრთხილებენ.


კომპანია "საქნახშირს" თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.


ამავე თემაზე:
გაფიცული მეშახტეებისა და "საქნახშირის" წარმომადგენლების შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა

მეშახტეების სამ პუნქტიანი მიმართვა და გაფრთხილება პრემიერ-მინისტრს

"სოლიდარობა მეშახტეებს" - საპროტესტო მსვლელობა ტყიბულში (ვიდეო)

 

Print