პოლიტიკა
"ტყიბული პარალიზებული გახდება" - რისთვის ემზადებიან გაფიცული მეშახტეები
FaceBook
ტყიბულში გაფიცული მეშახტეები 25 სექტემბერს, დილიდან მასშტაბური აქციის ორგანიზებისთვის ემზადებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, დღის ბოლომდე შეიმუშავებენ ხვალინდელ სამოქმედო გეგმას. მანამდე გაფიცულები ტყიბულის მერიის წინ შეიკრიბნენ და ამბობენ, რომ ტერიტორიის დატოვებას დღის ბოლომდე არ აპირებენ. თუმცა, ჯერ არ იციან,  გაათენებენ თუ არა ღამეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან.

"ვთათბირობთ ახლა და ვამუშავებთ ხვალინდელ გეგმას. დილის 10 საათიდან ტყიბული პარალიზებული  გახდება. დაიკეტება მაღაზიები, კაფეები, რესტორნები, ბავშვები არ წავლენ სკოლაში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ხელისუფლებას"-ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გელა ბოჭორიშვილი.

გაფიცულები მხარდაჭერას ელოდებიან ჭიათურის მაღაროს და ზესტაფონის ფეროს თანამშრომლებისგან.



გაფიცულებისთვის მიუღებელია კომპანია "საქნახშირის"ადმინისტრაციის შეთავაზება, დავალიანების დასაფარად ერთკვირიანი ვადის მიცემის შესახებ. მათი თქმით, "საქნახშირს" ეს დრო უკვე ჰქონდა, თუმცა, კომპანიამ ისინი  მოატყუა.


"მოთმენის უნარი აღარ გვაქვს. აღარ შეუძლია ხალხს ამდენი. ბანკის ვალები გვაქვს ყველას, გადასახადებსაც ვეღარ ვიხდით. თუ ჩვენი მითხოვნები არ დაკმაყოფილდება, გავაგრძელებთ პერმამენტულ აქციებს და შიმშილობასაც გამოვაცხადებთ. უკან დასახევი გზა უბრალოდ არ გვაქვს. შახტმა რომ შეწყვიტოს მუშაობა, მთელი ტყიბული მშიერი დარჩება," - ამბობს გელა ბოჭორიშვილი.

ტყიბულის შახტში დასაქმებულები დილიდან გაიფიცნენ. 30-მდე მუშა შახტშია ჩასული და პროტესტის ნიშნად არ ამოდის. თანამშრომლების ნაწილი კი პროტესტს ქალაქის ცენტრში აგრძელებს. ტყიბულის შახტის 1000-მდე თანამშრომელს ხელფასი არ აუღია. კომპანია "საქნახშირს" მათ წინაშე ერთ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.


ამავე თემაზე:
"სოლიდარობა მეშახტეებს" - საპროტესტო მსვლელობა ტყიბულში (ვიდეო)

გაფიცულმა მეშატხეებმა, შესაძლოა, შიმშილობა დაიწყონ

Print