პოლიტიკა
გაფიცულმა მეშატხეებმა, შესაძლოა, შიმშილობა დაიწყონ
FaceBook
ტყიბულში გაფიცულმა მეშახტეებმა,  მერიის შენობის მიმდებარედ, ყოფილი სასტუმროს შენობასთან გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეები ქალაქის მასშტაბით მსვლელობის მოსაწყობად ემზადებიან.

გაფიცულებისთვის მიუღებელია კომპანია "საქნახშირის"ადმინისტრაციის შეთავაზება, დავალიანების დასაფარად ერთკვირიანი ვადის მიცემის შესახებ. მათი თქმით, "საქნახშირს" ეს დრო უკვე ჰქონდა, თუმცა, კომპანიამ ისინი ამჯერადაც მოატყუა.

"მოთმენის უნარი აღარ გვაქვს. აღარ შეუძლია ხალხს ამდენი. ბანკის ვალები გვაქვს ყველას, გადასახადებსაც ვეღარ ვიხდით. თუ ჩვენი მითხოვნები არ დაკმაყოფილდება, გავაგრძელებთ პერმამენტულ აქციებს და შიმშილობასაც გამოვაცხადებთ. უკან დასახევი გზა უბრალოდ არ გვაქვს. შახტმა რომ შეწყვიტოს მუშაობა, მთელი ტყიბული მშიერი დარჩება," - ამბობს გელა ბოჭორიშვილი.

გაფიცულებთან შახტის დირექტორი მივიდა, თუმცა, მას დასაქმებულებისთვის ხელფასის გასტუმრების კონკრეტული დრო არ უთქვამს.

"მე ვერაფერს ვპირდები ამ ადამიანებს. რასაც მეუბნება ჩემი ზემდგომი, გადავცემ იმას. ერთი კვირის წინ დამირეკეს და მითხრეს, ხელფასი დაიგვიანებს და იქნებ ერთი კვირა გააჩერო ეს ხალხი,   რომ არ აბუნტდნენო. ვთხოვე ამ ადამიანებს  და გამიგეს, მოიცადეს ერთი კვირა. წუხელ მირეკავს ისევ გენერალური დირექტორი და მეუბნება,  კიდევ ერთი კვირა არ იქნება ხელფასიო და ერთი კვირის მერეც იქნება თუ არა, ესეც არ არ იციან ზუსტად. ამას მე უკვე ვეღარ ავიღებ ჩემს თავზე," - ამბობს ელდარ ჩაფიძე.

ტყიბულის შახტში დასაქმებულები დილიდან გაიფიცნენ. 30-მდე მუშა შახტშია ჩასული და პროტესტის ნიშნად არ ამოდის. თანამშრომლების ნაწილი კი პროტესტს ქალაქის ცენტრში აგრძელებს. ტყიბულის შახტის 1000-მდე თანამშრომელს ხელფასი არ აუღია. კომპანია "საქნახშირს" თანამშრომლების წინაშე ერთ მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს.
Print