ახალი ამბები
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის სახელის გადარქმევაზე პარლამენტში იმსჯელებენ
FaceBook

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სსიპ  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტად ჩამოყალიბდება.


ცვლილება საპარლამენტო დონეზე დარეგისტრირდება. სახელის შეცვლის შესახებ მთავრობამ პარლამენტს  უკვე მიმართა.

ცვილებათა პაკეტის  ინიცირება 23 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე იგეგმება.

კანონპროექტის მიხედვით, უნივერსიტეტის მშენებლობის მიზანია ქვეყანაში  თანამედროვე სამეცნიერო თეორიული და ექსპერიმენტული ბაზის შექმნა, სასწავლო-კვლევითი პროგრამების განვითარება,  მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადება და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.

უნივერსიტეტი სამი ძირითადი ორგანოს მიერ  იქნება მართული,  ესენი:  აღმასრულებელი დირექტორი, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო და სამეცნიერო საბჭო.  აღმასრულებელი დირექტორი ვალდებული იქნება, წელიწადში ერთხელ, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს ანგარიში უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის თაობაზე.

კანონპროექტის მიხედვით, უნივერსიტეტის  დაფინანსების წყარო (არ იგულისხმება მშენებლობის ხარჯები), იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი,  სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი, გრანტები,  შემოწირულებები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის სახელის გადარქმევას ქალაქისთვის საგანამანათლებლო სტატუსის წართმევად აფასებს ოპოზიცია. „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის წევრი, გიგა შუშანია ამბობს, რომ   მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოატყუა ქუთაისი, როცა პარლამენტის ნაცვლად 60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტის მშენებლობას დაჰპირდა.

„ეს ადასტურებს იმ აზრს, რომ ივანიშვილის დაპირებამ, ქუთაისში პარლამენტის და მთავრობის სახლის ნაცვლად, 60 ათასზე გათვლილი სტუდენტური ქალაქი გაშენდებოდა და ქუთაისს მიენიჭებოდა საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსი, ჩაილულის წყალი დალია. სანაცვლოდ მივიღეთ ერთი რიგითი უნივერსიტეტი, რომელიც 2020 წელს მხოლოდ 1000 სტუდენტს მიიღებს. ქუთაისი ივანიშვილის მორიგი აფიორის მსხვერპლი გახდა! ქუთაისი უკვე არც საპარლენტო და აღარც საუნივერსიტეტო ქალაქი იქნება! უბრალოდ უჭირს 2020-ში და გადაწყვიტა ცოტა ფული გაისროლოს ხალხის ხელახლა "დასაბოლებლად", - წერს გიგა შუშანია სოციალურ ქსელში.

ქუთაისში მშენებარე უნივერსიტეტის პრეზენტაცია 18 სექტემბერს,  თბილისში გაიმართა. განათლების მინისტრი ფონდ "ქართუს" ხელმძღვანელებთან ერთად ქუთაისს მხოლოდ ამის შემდეგ ეწვია. 


როგორც პრეზენტაციზე ითქვა, პროექტის ავტორების თქმით, სტუდენტთა პირველი ნაკადი უმაღლესმა სასწავლებელმა  2020 წელს უნდა მიიღოს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია  მიუნხენის  ტექნიკურ უნივერსიტეტთან  თანამშრომლობით. უნივერსიტეტში სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება.

Print