ახალი ამბები
„თიბისი“ ბანკის წინ მოჭრილი ნაძვების ადგილზე ავტოსადგომი მოაწყვეს
FaceBook

ქუთაისში, „თიბისი“ ბანკის წინ, სადაც ორი თვის წინ ნაძვები მოჭრეს, მანქანების სადგომი მოეწყო.


მაშინ როდესაც, ქუთაისის მერიაში ირწმუნებოდნენ, რომ ხეების მოჭრას არაფერი ჰქონდა საერთო პარკირების გაფართოებასთან, ფაქტია,  მრავალწლოვანი ნაძვების ადგილზე ახლა ავტომანქანები დგას.

მერიამ არც ახალი ნერგების დარგვის დაპირება შეასრულა.  პირიქით, ხეების ადგილი მოაბეტონეს, სადაც ავტომანქანებს ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები აჩერებენ.

ამჯერად ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ ნერგებს დარგავენ, თუმცა, არა მოჭრილი ხეების ადგილზე, არამედ, ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერში. 

"გადავწყვიტეთ, მიმდებარედ არსებულ სკვერში დავრგოთ ორი ნაძვი. ეს მოხდება  ოქტომბრის თვეში, როცა არის ამის სეზონი. ის ხეები ნამდილად მოიჭრა იმიტომ, რომ იყო დაზიანებული და საფრთხეს წარმოადგენდა როგორც ადამიანებისთვის, ასევე, იქ მდგომი ავტომანქანებისთვის", - განაცხადა ქუთაისის მერიის ეკოლოგიისა და მყარი ნარჩენების განყოფილების უფროსმა, არჩილ ტყაბლაძემ. 


"თიბისი" ბანკის წინ არსებული პარკირების ადგილი ქუთაისის მერიის საკუთრებაშია. ხეების მოჭრის მოთხოვნით  მერიას ბანკის ადმინისტრაციამ მიმართა და მათი დაზიანების შესახებ აცნობა, თუმცა, ადგილობრივები ეჭვობდნენ, რომ ხეები განზრახ გაახმეს, რათა  საპარკინგე ადგილის  გაფართოება მერიისა და ბანკის ორმხრივ ინტერესში შედიოდა.  
ასე გამოიყურებოდა ტერიტორია "თიბისი" ბანკის წინ ნაძვების მოჭრის შემდეგ. 


"თიბისი" ბანკში მომხდარზე განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. გვითხრეს, რომ ბანკის წარმომადგენელი თავად დაგვიკავშირდება.


ამავე თემაზე:

"თიბისი" ბანკის წინ მოჭრილი ხეების ადგილს ავტოსადგომად იყენებენ

Print