ახალი ამბები
„პირველ სემესტრში მივიღებთ 1000 სტუდენტს“ - ცაგარელი ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე
FaceBook

ფონდი "ქართუს" ხელმძღვანელებმა, განათლების მინისტრთან და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს.


ფონდის პროექტების დირექტორმა, ვახტანგ ცაგარელმა განაცხადა, რომ 2020 წლის პირველ სემესტრში უნივერსიტეტი მხოლოდ 1000 სტუდენტის მიღებას შეძლებს. რაც შეეხება დაპირებულ 60 000 სტუდენტს, ვახტანგ ცაგარელი ამბობს, რომ რაღაც ეტაპზე უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ამ რაოდენობის სტუდენტზეც იქნება გათვლილი, თუმცა, რა იგულისხმება რაღაც ეტაპში, ცაგარელს ამაზე პასუხი არ გაუცია.


"ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ 60 000 სტუდენტი იქნება ერთდროულად ოდესმე. 2020 წლის პირველ სემესტრში მივიღებთ 1000 სტუდენტს, რომლებიც გადანაწილდებიან სამ სპეციალობაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ინფრასტრუქტურის მასშტაბების თვალსაზრისით ვიქნებით შეზღუდული“,- განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

მან დღესვე მოკლე კომენტარი გააკეთა იმაზე, თუ რატომ შედგა ქუთაისში მშენებარე უნივერსიტეტის პრეზენტაცია თბილისში.

"ქუთაისში უნდა შედგეს? ჩათვალეთ, რომ ეს არის პრეზენტაცია ქუთაისში" - განაცხადა  ცაგარელმა.

იგივე შეკითხვას პასუხი არ გასცა ქუთაისის მერმა,გიორგი ჭიღვარიამ.






ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია თბილისში 18 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებაზე პროექტის ხელმძღვანელებმა თქვეს, რომ მშენებლობის პროცესი  170 ათასი კვადრატულ  მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. შენდება სამი  სასწავლო კორპუსი და სამი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი,  ბიბლიოთეკა და სასადილო. განვითარების შემდეგ სტადიებზე კი უნივერსიტეტის  ინფორმაციით, კიდევ  2 სასწავლო კორპუსი აიგება, ასევე, აშენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და კვლევით-სამეცნიერო დანიშნულების სხვა ობიექტები.

იგივე დღეს, ქუთაისში უნივერსიტეტის ტერიტორიის დათვალიერებისას გაიმეორეს. 

უნივერსიტეტის მომავალი რექტორის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, უნივერსიტეტი   პირველ ნაკადს   2020 წლის შემოდგომაზე მიიღებს.  თავდაპირველად სტუდენტებს სამი საგნის არჩევა შეეძლებათ. ესენია:  მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება  და საგანმანათლებლო პროგრამები.   სამივე მიმართულებით სწავლა  ინგლისურ  ენაზე იწარმოებს.  მომდევნო წლებში  კი  მოხდება როგორც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამატება, ასევე, სპეციალობების სპექტრის გაფართოება.

უნივერსიტეტისთვის 1 მილიარდი ევროს დახარჯვაა დაანონსებული. მშენებლობას სრულად აფინანსებს ფონდი "ქართუ".

 

Print