პოლიტიკა
თვითნებური საპირფარეშო და ანტისანიტარია გელათის მონასტერთან (ვიდეო)
FaceBook
ანტისანიტარია და მოუწესრიგებელი გზა - ასეთი სურათი ხვდებათ გელათის მონასტერთან მისულ ვიზიტორებს.

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გარდა, იმის გამო, რომ ვიზიტორთა ცენტრი დაკეტილია, ტერიტორიაზე საშინელი სუნი დგას. ადგილზე თვითნებური საპირფარეშოა მოწყობილი. 


გელათის სამონასტრო კომპლექსთან შექმნილი მდგომარეობის გამო ქუთაისიპოსტი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ საკითხის მოწესრიგება მათ კომპეტენციაში არ შედის და საპატრიარქოში გადაგვამისამართეს. თავის მხრივ, საპატრიარქოში განგვიცხადეს, რომ პრობლემა მათ არ ეხებათ და გვითხრეს, რომ მუნიციპალიტეტისთვის მიგვემართა. ქუთაისის მერიამ ტყიბულის მერიასთან გადაგვამისამართა. ტყიბულის მერიაში გვითხრეს, რომ ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდმა, დაახლოებით, ხუთი წლის წინ ააშენა, მათთვის გადმოცემული არ არის და შესაბამისად, ვერ განკარგავენ. ტყიბულის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი, ზაზა ზოსიაშვილი განმარტავს, რომ ვიზიტორთა ცენტრში და მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილ მდგომარეობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა მივმართოთ.

"ჩვენ, ჩვენი მხრიდან რაც გვევალება ვასუფთავებთ, კვირაში ორჯერ ხდება ნაგვის ბუნკერის გასუფთავება. დანარჩენი მუნიციპალური განვითარების ფონდს ეკუთვნის", - ამბობს ზაზა ზოსიაშვილი. 

მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, რომ გელათის მონასტრის ირგვლივ ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მეორე ტენდერი გამოცხადდა და საყრდენი კედლებისა და გზის მოწესრიგება წლის ბოლომდე იგეგმება.


Print