ახალი ამბები
ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თბილისში პრეზენტაციის შემდეგ, „ქართუს“ წარმომადგენლები ქუთაისში ჩამოვლენ
FaceBook
ქუთაისში მშენებარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის თბილისში გამართული პრეზენტაციის შემდეგ,  ფონდი "ქართუს" წარმომადგენლები  ქუთაისშიც ჩამოვლენ.    

ისინი უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესს დაათვალიერებენ.


უნივერსიტეტი, რომელიც  ქუთაისში შენდება, 18 სექტემებერს დედაქალაქში ოფიციალურად დაფუძნდა.    უმაღლესი სასწავლებლის პრეზენტაციას   მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი  პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან  და  რამდენიმე მინისტრთან ერთად ესწრებოდა. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ თბილისის და ქუთაისის მერები. 

ღონისძიების შესახებ ცნობილი არ იყო ადგილობრივი მედიისთვის.  მას შემდეგ კი, რაც ქუთაისში მშენებარე უნივერსიტეტის პროექტის თბილისში წარდგენა  საზოგადოებამ  გააპროტესტა, ცნობილი გახდა, რომ "ქართუს" წარმომადგენლები ქუთაისშიც ჩამოვლენ, თუმცა, უნივერსიტეტის სამშენებლო სამუშაოებს მხოლოდ განათლების მინისტრი და საქართველოში სტუმრად მყოფი გერმანელი მეცნიერები დაათვალიერებენ.

18 სექტემბერს, თბილისში გამართულ ღონისძიებაზე პროექტის ხელმძღვანელებმა თქვეს, რომ მშენებლობის პროცესი  170 ათასი კვადრატულ  მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. შენდება სამი  სასწავლო კორპუსი და სამი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი,  ბიბლიოთეკა და სასადილო. განვითარების შემდეგ სტადიებზე კი უნივერსიტეტის  ინფორმაციით, კიდევ  2 სასწავლო კორპუსი აიგება, ასევე, აშენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და კვლევით-სამეცნიერო დანიშნულების სხვა ობიექტები.


უნივერსიტეტის მომავალი რექტორის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, უნივერსიტეტი   პირველ ნაკადს   2020 წლის შემოდგომაზე მიიღებს.  თავდაპირველად სტუდენტებს სამი საგნის არჩევა შეეძლებათ. ესენია:  მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება  და საგანმანათლებლო პროგრამები.   სამივე მიმართულებით სწავლა  ინგლისურ  ენაზე იწარმოებს.  მომდევნო წლებში  კი  მოხდება როგორც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამატება, ასევე, სპეციალობების სპექტრის გაფართოება.

უნივერსიტეტისთვის 1 მილიარდი ევროს დახარჯვაა დაანონსებული. მშენებლობას სრულად აფინანსებს ფონდი "ქართუ".

 






Print