ახალი ამბები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა (ვიდეო)
FaceBook

თბილისში,  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (ტექნოლოგიური  უნივერსიტეტი) ოფიციალურად დაფუძნდა.


პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი  და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. პრეზენტაციაზე იმყოფება ქუთაისის მერიც.


"დღეს, ჩვენ ვზეიმობთ მსოფლიო მნიშვნელობის უნივერსიტეტის დაფუძნებას. ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი „ქართუ“ არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნების სულისჩამდგმელები, ამ იდეის შემქმნელები. შედეგად, საქართველოში ჩვენ გვაქვს ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანადრატის მქონე უნივერსიტეტი. ეს არის უდიდესი საჩუქარი ჩვენი სტუდენტებისთვის", - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა  განათლების დარგში, მიხეილ ჩხენკელმა.


როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, უნივერსიტეტი   პირველ ნაკადს    2020 წლის შემოდგომაზე მიიღებს.  თავდაპირველად სტუდენტებს სამი საგნის არჩევა შეეძლებათ. ესენია:  მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება  და საგანმანათლებლო პროგრამები.   სამივე მიმართულებით სწავლა  ინგლისურ  ენაზე იწარმოებს.


უნივერსიტეტის მომავალი რექტორის, ალექსანდრე თევზაძის თქმით, მომდევნო წლებში   მოხდება როგორც სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამატება, ასევე, სპეციალობების სპექტრის გაფართოება.

"2021-2022 წლებში დაემატება საბუნებისმეტყველო მეცნიერებები: ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, 2022-2023 წლებში  საინჟინრო,  ხოლო, 2023-2024 წელს ჰუმანიტარული მეცნიერებები  და მედიცინა“, - განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.

პრეზენტაციაზე უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი, ვოლფგანგ ჰერმანი. 

პრეზენტაციის შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ქუთაისის საერთაშორისო უნივერისტეტსა და გერმანიის იულიზის კვლევით ცენტრს შორის.


პრეზენტაციამდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მიმდინარე სამუშაოებისა და უნივერსიტეტის საბოლოო იერსახის ამსახველი ფოტოები გაავრცელა, სადაც უნივერსიტეტის განაშენიანების მასშტაბები პირვანდელი ესკიზისგან განსხვავებულია.

როგორი იყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მაკეტი, ნახეთ აქ:
Print