ახალი ამბები
საზოგადოების კრიტიკის შემდეგ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ახალ ფოტოებს ავრცელებს
FaceBook

საზოგადოების მწვავე კრიტიკის შემდეგ, რაც  მმართველი პარტიის მიერ, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ესკიზური ფოტოების გავრცელებას მოჰყვა, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ახალ ფოტოებს ავრცელებს. ფოტოებზე ასახულია როგორც მშენებლობის პროცესი, ასევე, უნივერსიტეტის საბოლოო იერსახე, ე.წ. ესკიზი.









ფოტოებს შორის არის საერთო ხედის ესკიზიც, სადაც განაშენიანების მასშტაბის დანახვაა შესაძლებელი. ეს სწორედ იმ ფოტოს ახალი ვერსიაა, რომელშიც საზოგადოებამ დაპირებულ და მიმდინარე მშენებლობას შორის  მნიშვნელოვანი განსხვავება დაინახა.



უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კი ირწმუნება, რომ მშენებლობის პროცესი  170 ათასი კვადრატულ  მეტრ ფართობზე მიმდინარეობს. შენდება სამი  სასწავლო კორპუსი და სამი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი, პროფესორ-მასწავლებელთა საცხოვრებელი,  ბიბლიოთეკა და სასადილო. განვითარების შემდეგ სტადიებზე კი უნივერსიტეტის  ინფორმაციით, კიდევ  2 სასწავლო კორპუსი აიგება, ასევე, აშენდება ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და კვლევით-სამეცნიერო დანიშნულების სხვა ობიექტები.


იმის გამო, რომ სამი წლის წინ,  უნივერსიტეტის მაკეტის პრეზენტაციაზე, არავის დაუკონკრეტებია რამდენი და რა ფუნქციური დანიშნულების კორპუსის მშენებლობა იგეგმებოდა, მედიას კი ადგილზე შესვლის შესაძლებლობა ამ დრომდე არ ეძლევა, საზოგადოება დაპირებულ და მიმდინარე მშენებლობის მასშტაბების შედარებას სწორედ სამი წლის წინანდელ ესკიზსა და ფონდი „ქართუს“ მიერ პერიოდულად გავრცელებულ ფოტოებს შორის  აკეთებს.


ის კი, რაც მაშინ პრეზენტაციაზე ითქვა,  უკვე შეიცვალა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ქუთაისელებს უთხრა, რომ მუხნარის ტყეში, 2019 წელს 60 000 სტუდენტზე გათვლილი უნივერსიტეტი გაიხსნებოდა.  ადგილზე სამუშაოები დაპირებიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ, მიმდინარე წლის გაზაფხულიდან დაიწყო, რამაც ცხადყო, რომ სასწავლო წლის დასაწყისისთვის უნივერსიტეტის არც ერთი კორპუსი არ იქნებოდა მზად. ამის შემდეგ ფონდმა „ქართუმ“ საგანმანათლებლო დაწესებულების გახნის ვადა ერთი წლით გადაწია, პოტენციური სტუდენტების რაოდენობა კი რადიკალურად შეამცირა.  ახლა არც ფონდ „ქართუსა“ და არც უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში აღარ საუბრობენ 60 000 სტუდენტზე. საუნივერსიტეტო კომპლექსის პროგრამების კოორდინატორი, თემურ მურღულია  ვარაუდობს, რომ პირველ წელს უნივერსიტეტში 2000–მდე სტუდენტი ისწავლის, მიმდინარე მშენებლობა კი  15 000 სტუდენტზეა გათვლილი, თუმცა, ირწმუნება, რომ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია.



ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ესკიზური ფოტოები "ქართული ოცნების" ფეისბუქგვერდზე 5 სექტემბერს გავრცელდა. ფოტოებზე გამოსახული რეალობა, რადიკალურად განსხვავდებოდა პირველი ესკიზის მასშტაბებისგან, რამაც საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია.  მომხდარზე  უნივერსიტეტის პროგრამების კოორდინატორმა  განაცხადა, რომ ფოტოები არ ასახავს უნივერსიტეტის საბოლოო სახეს და  კონკრეტული ადამიანები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.





როგორი იყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მაკეტი, ნახეთ აქ:

Print