ახალი ამბები
სტუდენტობის პირველი დღე - წერეთლის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
FaceBook

16 სექტემბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.


1500 სტუდენტი სასწავლო დაწესებულებაში წელს პირველად მივიდა, როგორც ამბობენ, დიდი მოლოდინებით.

ივანე ჭელიძე მომავალი ფილოსოფოსია. ფიქრობს, რომ სტუდენტობის პირველი დღე წარმატებული მომავლის დასაწყისი იქნება. 

"ძალიან ბედნიერი ვარ. სტუდენტობის პირველი დღე ჩემთვის განსაკუთრებულია. ფილოსოფიაზე ჩავაბარე, რადგან ბავშვობიდან ვცდილობ ჩავწვდე სამყაროს არსს. ჩემს მომავალს მეცნიერებაში ვხედავ. ვფიქრობ, ეს დღე იქნება დასაწყისი ჩემი გეგმების სისრულეში მოყვანის''- ამბობს ივანე ჭელიძე.


უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს ახალი სასწავლო წელი ღონისძიებით მიულოცა. 



ახალ სასწავლოს წელს წერეთლის უნივერსიტეტში 70%-იანი გრანტით 16 სტუდენტი ჩაირიცხა,  ხოლო 147 - 50%-იანი გრანტით.

წერეთლის უნივერსიტეტში ცხრა ფაკულტეტია. დაწესებულების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ სრულად დაკომპლექტდა მედიცინის ფაკულტეტი, ასევე, ინგლისური ენა და ლიტერატურის, ისტორია-არქეოლოგიის, სამართლისა და ელექტრული ინჟინერიის სპეციალობები.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს 2018-2019 სასწავლო წელს 450 სტიპენდიანტი ჰყავდა. აქედან, 268 სტუდენტს სახელმწიფო სტიპენდია ჰქონდა.  222-ს - საუნივერსიტეტო, ხოლო VTB- ბანკის სტიპენდიით 20 სტუდენტი სარგებლობდა.


სახელმწიფო სტიპენდია თვეში 150 ლარს შეადგენს, საუნივერსიტეტო- 75 ლარს, ხოლო VTB-ის სტიპენდია 100 ლარია.

Print