ახალი ამბები
„შენობა, სადაც კულტურის ცენტრი იყო, სანაგვედ აქციეს“-გოგი წულაია
FaceBook

პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ,  გოგი წულაიამ,  ქუთაისის  ცენტრში არსებულ ამორტიზებულ შენობასთან ბრიფინგი გამართა.


მან ამ ფორმით ქალაქში მიტოვებული ობიექტების არსებობა გააპროტესტა. წულაიას თქმით, ასეთი შენობები  გარდა იმისა, რომ საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის, ანტისანიტარიის კერასაც  ქმნის.

„ეს შენობა ადრე კულტურის ცენტრი იყო, ბევრი ღირსეული მოღვაწე აღიზარდა აქ. ეს ის შენობაა, სადაც დადეშქელიანმა გუბერნატორი მოკლა და შემდეგ სვანეთში დაიწყო აჯანყება. ნაგებობა წინა ხელისუფლების  დროს  გასხვისდა და დღეს ასეთ მდგომარეობაშია. ქუთაისში უამრავი მიტოვებული შენობაა, რომლის გამოყენებაც და მათგან  დიდი ეკონომიკური სარგებლის მიღებაა შესაძლებელი, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება არ აკეთებს“,- განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით,  ქუთაისის მერიამ ქალაქში არსებული მიტოვებული შენობების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა, რადგან ეს მათ ინტერესში არ შედის.

გოგი წულაია მიტოვებულ შენობებთან პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

ქუთაისში, მერიის ბალანსზე, ცხრა ამორტიზებული შენობაა. თუმცა, გაცილებით მეტია იმ ობიექტების რაოდენობა, რომლებიც კერძო მესაკუთრეების მიერაა მიტოვებულია.
მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ობიექტების სტატისტიკა არ აქვს. მიტოვებული შენობები, გარდა იმისა, რომ ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებენ, მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია.

ქუთაისში არსებული მიტოვებული და ამორტიზებული შენობების ნაწილი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე ირიცხება, ქუთაისის მერიამ რამდენჯერმე გაიტანა აუქციონზე, თუმცა, მათი შეძენით ინვესტორები იშვიათად ინტერესდებიან.

Print