ახალი ამბები
ასთმა შესაძლოა მალე საბოლოოდ დამარცხდეს
FaceBook
ასთმით დაავადებულთა უმრავლესობა დაავადებას ინჰალატორების საშუალებით აკონტროლებს.
აღნიშნული პათოლოგიით შეპყრობილთა 5 %-ს, არსებული მკურნალობის მეთოდები, სამწუხაროდ, ვერ შველის.
ლონდონის სამეფო კოლეჯის, მაიოს კლინიკისა და კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საინტერესო კვლევებით მკურნალ ექიმებს ჩაუსახეს იმედი, რომ ასთმა მალე საბოლოოდ დამარცხდება. მკვლევართა ინფორმაციით, ასთმის შეტევას იწვევს ცილა ჩაშღ-ი. ეს აღმოჩენა შემთხვევით მოხდა. ხუთი წლის წინ პროფესორი დანიელა რიკარდი, რომელიც უწინ ოსტეოპოროზს იკვლევდა, ფილტვების შესწავლას შეუდგა. მან სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ცილაჩაშღ-ი, რომელიც არეგულირებს ძვლებში კალციუმის დონეს, სასუნთქ გზებთანაც არის დაკავშირებული. ტესტებმა აჩვენა, რომ ასთმით დაავადებულთა ორგანიზმში ცილა ჩაშღ-ი გაცილებით დიდი რაოდენობითაა, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანების ქსოვილებში.
როდესაც ასთმით დაავადებული ადამიანი შეისუნთქავს გამღიზიანებელს, მაგალითად მტვერს, კვამლს ან სხვა ნაწილაკს, ცილა ჩაშღ-ი ზრდის კალციუმის დონეს ფილტვის ქსოვილის უჯრედებში. კალციუმის მოჭარბებული რაოდენობის გამო სასუნთქი გზები ვიწროვდება და ვითარდება სპაზმი.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ცილა ჩაშღ-ის აქტივობის დამთრგუნველი საშუალება უკვე არსებობს. ეს არის კალცილიზური საშუალება (ე.წ კალცილიტიკი), რომელიც ჯერ კიდევ 15 წლის წინ შეიქმნა ოსტეოპოროზის სამკურნალოდ. პრეპარატი მართალია უსაფრთხო აღმოჩნდა, მაგრამ ამავე დროს არაეფექტურიც ოსტეოპოროზის მკურნალობაში.
ეს პრეპარატი მეცნიერებმა უკვე გამოსცადეს ვირთაგვებსა და ადამიანის ქსოვილთა ნიმუშებზე. მათი მონაცემებით, დასახელებულმა კალცილიზურმა საშუალებამ შესაძლოა დიდი დახმარება გაუწიოს სპეციალისტებს ასთმის მკურნალობაში.
უახლოეს მომავალში სპეციალისტები პრეპარატის კლინიკურ გამოცდას დაიწყებენ. თუ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, დაახლოებით 5 წელიწადში ასთმით დაავადებულებს ახალი სამკურნალო საშუალება ექნებათ. ისინი ინჰალატორის საშუალებით ჩაისუნთქავენ ახალ მედიკამენტს. რაც მთავარია, მკურნალობის რამდენიმე კურსი საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ადამიანმა საბოლოოდ დააღწიოს თავი ასთმის შეტევებს. სავარაუდოა, რომ ახალი საშუალება დაეხმარება იმ პირებსაც, რომლებიც ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით და ქრონიკული ბრონქიტით იტანჯებიან.
წყარო : mkurnali.ge
Print