ახალი ამბები
ქუთაისის მერია ზაალ ჩაჩავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს 11 სექტემბერს შეიტანს
FaceBook

ქუთაისის მერია „ტორპედოს“ ყოფილი პრეზიდენტის, ზაალ ჩაჩავას წინააღმდეგ,  სასამართლოს სარჩელით,  11 სექტემბერს მიმართავს.


სარჩელის შეტანამდე მერიაში კლუბის ახალ,  დროებით მმართველთან შეხვედრა გაიმართება, სადაც თემურ ჩეჩელაშვილი გუნდში  არსებულ ვითარებასა და ჩაჩავას მიერ კლუბის წინაშე არსებულ დავალიანებაზე ისაუბრებს.

პარალელურად, დღესვე, 2 საათზე მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ „ტორპედოს“ ფანკლუბი აქციას გამართავს და ქალაქის ხელისუფლებას ინვესტორის გარეშე დარჩენილი გუნდისთვის სახსრების მოძიებისკენ მოუწოდებს.

კლუბის გულშემატკივრები ამბობენ, რომ ფეხბურთელები სახელფასო დავალიანების გამო ვარჯიშზე გასვლაზე უარს ამბობენ და „ტორპედო“ არსებობის ბოლო წუთებს ითვლის.

„ტორპედო“ ბოლო წუთებს ითვლის. აღარ მოვითმენთ! აღარ მოვტყუვდებით! აღარ გაპატიებთ!“ - ამ შინაარსის ლოზუნგებით გამოვლენ ისინი დღეს.

კლუბში არსებულ მძიმე ფინანსურ ვითარებას ადასტურებს დროებითი მმართველი, თუმცა, უარყოფს ფანკლუბის წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ფეხბურთელების მიერ გეგმიურ ვარჯიშზე უარის თქმის შესახებ. თემურ ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ კრიზისის მიუხედავად, გუნდი 12 სექტემბერს, საჩხერეში ეროვნული ლიგის მატჩისთვის ემზადება.

„ფეხბურთელები ვარჯიშობენ და ვემზადებით ხვალისთვის საჩხერეში მატჩის ჩასატარებლად, მაგრამ  ახლა ისეთი ფინანსური ვითარებაა კლუბში, რომ არც  სასტუმროს და არც მგზავრობის ხარჯები არ იყო. 4 500 ლარი მაინც უნდა  გუნდს ერთ ასეთ თამაშზე რომ წავიდეს და რა უნდა ქნას  ამ დროს?  დღეს დილით,  საკუთარი სახსრებიდან მივეცი კლუბს  ეს თანხა, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ასე? გუნდს აუცილებლად სჭირდება ინვესტორი.  სასამართლოშიც სარჩელის განხილვა უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით და ამას არ უნდა დასჭირდეს წლები. რაც შეიძლება მალე უნდა დაიბრუნოს მერიამ კლუბი. დღეს შეხვედრა მაქვს მერიაში და ყველა ამ საკითხზე ვისაუბრებ“, - ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში.


თემურ ჩეჩელაშვილის თქმით, უკვე დათვლილია ზაალ ჩაჩავას მიერ კლუბის წინაშე არსებული დავალიანება, რაც  დაახლოებით 3 მილიონ ლარს შეადგენს.  დროებითი მმართველის ინფორმაციით, ჩაჩავას მხოლოდ ერთ ბანკთან 190 000 ევროს ვალდებულება აქვს.   კლუბის ყოფილ ინვესტორს  250 000 ლარამდე დავალიანება აქვს ქუთაისის მერიის წინაშეც. მას ამ დრომდე არ აქვს გადახდილი კლუბის საპრივატიზაციო თანხის ნაწილი 170 00 ლარის რაოდენობით, ასევე, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა.

აღიარებს თუ არა ზაალ ჩაჩავა კლუბისა და ქუთაისის მერიის წინაშე დავალიანების არსებობას, უცნობია. ასევე, უცნობია მისი პოზიცია სასამართლოსთან დაკავშირებით. იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა, ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ჩაჩავა თავის მხრივ, სარჩელის შეტანას აპირებს ჩინელ ინვესტორთა ჯგუფის წინააღმდეგ, რომელსაც  იგი კლუბში ფინანსური კრიზისის მთავარ მიზეზად ასახელებდა.


ამავე თემაზე:


"ტორპედოს" ახალი დირექტორი გუნდის წევრებს შეხვდა

"ქუთაისის მერია „ტორპედოს“ ვალით არ დაიბრუნებს"

ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ წელიწადში

Print
თეგები: #ტორპედო