ახალი ამბები
„ტორპედო“ ბოლო წუთებს ითვლის“ - ფანკლუბი ქუთაისის მერიასთან აქციას აანონსებს
FaceBook

ქუთაისის  „ტორპედოს“ ფანკლუბი,  კლუბში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქციას აანონსებს.


ფანკლუბის წევრები ფეისბუქის გვერდზე წერენ, რომ ფეხბურთელები თვეების განმავლობაში ხელფასს ვერ იღებენ, რის გამოც,  იძულებულები არიან  ვარჯიშზე უარი თქვან. მათივე თქმით, მერიის მიერ კლუბის დაბრუნება საკმარისი არ არის და  მას შველა სჭირდება.



„ტორპედოს“ გულშემატკივრები კლუბში შექმნილ პრობლემებში  ქუთაისის მერიასაც ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ თვეების განმავლობაში არ უსმენდა.

ფანკლუბის წევრები 11 სექტემბერს, მერიის წინ საპორტესტო აქციას გამართვენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან კლუბისთვის თანხების მოზიდვას მოითხოვენ.


„ქალაქის მერია, რომელსაც ზაალ ჩაჩავასთვის კლუბის ჩამორთმევას ვთხოვდით, თვეები არ გვისმენდა. შემდეგ გვატყუებდა! გვიან, მაგრამ მაინც მივედით იქამდე, რომ კლუბი მერიამ დაიბრუნა. თუმცა ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ კლუბის დაბრუნება არ ყოფილა. მას შველა სჭირდება! ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდში 3 თვის წინ მოვიდნენ, დღემდე ერთი ხელფასიც არ აუღიათ. კვლავ უხელფასოდ რჩებიან ის ფეხბურთელებიც, რომლებმაც „ტორპედო“ გაჭირვების ჟამს არ მიატოვეს და ბოლომდე გვიერთგულეს. მაგრამ... მათ მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ჩვენსასაც!!! ამას არ დავუშვებთ! აღარ მოვითმენთ! აღარ მოვტყუვდებით! აღარ გაპატიებთ“,- წერენ ფანკლუბის წევრები.

მერიამ ინვესტორის გარეშე დარჩენილ კლუბში უკვე დანიშნა დროებითი მმართველი. „ტორპედოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას თემურ ჩეჩელაშვილი შეასრულებს, რომელიც ერთხელ უკვე იყო ამ პოსტზე,  ვიდრე ზაალ ჩაჩავა კლუბს აუქციონზე შეიძენდა.


Print