ახალი ამბები
ძალადობა 13 წლის ბიჭზე - ვანში ბიძას ძალადობაში ადანაშაულებენ
FaceBook

ვანის რაიონის სოფელ სულორში ბიძას დისშვილებზე ძალადობაში ადანაშაულებენ.

ქუთაისიპოსტთან საუბარში დაზარალებული ოჯახის მეზობელი ლელა ძნელაძე  ჰყვება, რომ ბიძას, დისშვილები და და  სამუშაოდ მიჰყავდა და ძალით ამუშავებდა. განსაკუთრებული ძალადობით კი, 13 წლის ბიჭის მიმართ გამოირჩეოდა.

დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი გვიყვება, რომ ძალადობას  აქამდე  მძიმე სოციალური ფონის გამო ითმენდნენ. 

"ჩვენ სახლი თვეებია არ გვაქვს და ბიძასთან ვცხოვრობთ, მე, ჩემს ძმას და დედას სათბურში გვამუშავებდა და არანაირ თანხას არ გვაძლევდა. გვეუბნებოდა სახლს გიყიდითო. ერთხელ ჩემს ძმას ძრავი დარჩა ჩართული. ბიძაჩემი რომ მოვიდა და ნახა ძრავის გამორთვა დავიწყებოდა, დაძინებული ბავშვი ლოგინიდან წამოაგდო და სასტიკად სცემა. შევეცადე ჩემს ძმას დავხმარებოდი და წინ გადავუდექი, ამ დროს ბიძა მეც მომიბრუნდა და დამარტყა. ჩემმა ძმამ კი დრო იხელთა და გაიქცა. ასეთი უამრავი შემთხვევა იყო. ჩემს ძმას ყველაფერზე ეჩხუბებოდა", - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული. 

ის  ჰყვება, რომ ბიჭი ამჟამად ოჯახთან ერთად მეზობლის სახლში ცხოვრობს. 

დაზარალებული ოჯახის მეზობელი ამბობს, რომ  საქმეში პოლიცია, სოციალური სამსახური და  სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის  წარმომადგენლები არიან ჩართულნი.

"პოლიცია რომ მოვიდა, ბავშვმა თქვა, რომ ბიძასთან დაბრუნება აღარ უნდოდა. მათ პირობა მისცეს, ბიძას დავაწერინებთ განცხადებას რომ აღარ მოგეკაროთო. ოჯახის მდგომარეობა ასევე შეისწავლეს სოციალურმა მუშაკებმაც’’- ამბობს მეზობელი ლელა ძნელაძე.

ბავშვების ბიძა მოზარდზე ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს. ის ამბობს, რომ წლებია დის ოჯახს ეხმარება და დასაც წამლებით უზრუნველყოფს.  

"სათბური  მაქვს, მაგრამ ძალით არავის ვამუშავებდი, რა სისულელეა, დისშვილების ჩემთვის ოჯახის წევერებივით იყვნენ და ოჯახში ხომ ყველა მუშაობს?  ჩემი მხრიდან არანაირი ძალდობა არ ყოფილა, ერთადერთხელ ვუსაყვედურე დისშვილს როცა სიგარეტით ხელში ვნახე. ის ამ დრომდე ჩემთან ცხოვრობდა და თავის ოჯახში წასვლა არ უნდოდა. როცა მშობლებს ბავშვის წაყვანა უნდოდათ, ვუთხარი წადი ბიძია- მეთქი, მაგრამ არ წავიდა. სამჯერ გავუშვი და სამივეჯერ უკან მობრუნდა. დედამისს კი ეგონა, რომ მე არ ვუშვებდი. ბავშვი ჩემი გაზრდილია", -ამბობს ბიძა. ის ამბობს, რომ პოლიციამ ყველაფერი გაარკვია და ის არაფერში არ არის დამნაშევე.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტი შესწავლის პროცესშია, სისხლის სამართლებრივი ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში კი მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. 

სულორში მცხოვრები ოთხსულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია.  ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური შემწეობაა, რომელიც რამდენიმე თვე შეჩერებული ჰქონდათ და სექტემბრიდან უკვე ფულადი დახმარების აღება შეეძლებათ. ოჯახის დიასახლისს  მძიმე დაავადება აქვს, ხოლო მეუღლე უმუშევარია. 

მეზობლები ამბობენ, რომ გაჭირვებაში მყოფ ოჯახს დღემდე ისინი ეხმარებიან. 

Print