ახალი ამბები
ქუთაისის მერია „ტორპედოს“ სასამართლოს გზით დაიბრუნებს
FaceBook

ქუთაისის  მერია „ტორპედოს“  დასაბრუნებლად მის მფლობელთან, ზაალ ჩაჩავასთან სასამართლო დავას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბის მეპატრონეს დავალიანების არსებობა ამ დრომდე არ უღიარებია.


კლუბის სამართლებრივი გზით დაბრუნების შესახებ ინფორმაცია დღეს ქუთაისის მერმა, გორგი ჭიღვარიამ დაადასტურა.

„ჩვენ ვიწყებთ სამართლებრივ დავას გუნდის მეპატრონესთან,  რათა მოვაცილოთ კლუბს არსებული პრობლემები და საბოლოო ჯამში გუნდი დავიბრუნოთ“, - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.


მერიამ ინვესტორის გარეშე დარჩენილ კლუბში უკვე დანიშნა დროებითი მმართველი. „ტორპედოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას თემურ ჩეჩელაშვილი შეასრულებს, რომელიც ერთხელ უკვე იყო ამ პოსტზე,  ვიდრე ზაალ ჩაჩავა კლუბს აუქციონზე შეიძენდა.



ზაალ ჩაჩავას  კლუბში  პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მან ფეხბურთელებისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში სახელფასო დავალიანების გადახდა ვერ შეძლო. ფინანსური კრიზისის  გამო „ტორპედო“ მიმდინარე წლის ზაფხულში 12-მა წამყვანმა ფეხბურთელმა, მნიშვნელოვანი მატჩების წინ დატოვა.

 

ჩაჩავას კლუბიდან  წასვლას ითხოვდნენ ფანკლუბის წევრები, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მან გუნდი დაშლის პირას მიიყვანა.

 

ზაალ ჩაჩავამ პრობლემების მოგვარების პირობა რამდენჯერმე დადო. იგი იმედს ჩინელ ინვესტორთა ჯგუფზე ამყარებდა, თუმცა,  საბოლოოდ თანამშრომლობა არ შედგა.

 

ორი წლის შემდეგ  „ტორპედო“ კვლავ ინვესტორის გარეშე დარჩა. ქუთაისის მერია კლუბს  ვეღარ დააფინანსებს, რადგან მასზე ზრუნვა  „ფეხბურთის განვითარების ფონდს“ ევალება, რომელიც  კლუბს  წელიწადში 800 000 ლარით აფინანსებს, რაც რეალურად მხოლოდ მისი  შენახვის ხარჯებია. რაც შეეხება ახალ ინვესტორს,  ქუთაისის მერიაში არ საუბრობენ იმაზე, არის თუ არა ვინმე დაინტერესებული „ტორპედოში“ ინვესტიციის ჩადებით.

 

Print