ახალი ამბები
"ტორპედოს" ახალი დირექტორი გუნდის წევრებს შეხვდა
FaceBook
"ტორპედოს" ახალი დირექტორი, თემურ ჩეჩელაშვილი გუნდის წევრებს უკვე შეხვდა.

როგორც კლუბის ახლადდანიშნული დირექტორი ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, კლუბის მერიისთვის გადაბარების პროცესი კვლავ გრძელდება.

"საჯარო რეესტრში ვარ ახლა და ვაფორმებ საბუთებს. უკვე შევხვდი გუნდს, მაგრამ დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ", - ამბობს თემურ ჩეჩელაშვილი.


თემურ ჩეჩელაშვილი "ტორპედოს" დირექტორად მეორედ დაინიშნა. იგი ამ პოსტზე 2017 წლამდე, მანამდე იმყოფებოდა, ვიდრე კლუბს ზაალ ჩაჩავა შეიძენდა. ჩაჩვას,  მას შემდგ, რაც მერიისა და კლუბის წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა, კლუბის დატოვება მოუწია, თუმცა,  შესაძლოა, მან ვალის აღიარებაზე უარი განაცხადოს.

როგორც ქუთაისის მერის მოადგილემ, იუზა უგულავამ ქუთაისიპოსტთან საუბარში განაცხადა, ასეთ შემთხვევაში მერია ჩაჩავს წინააღმდეგ დავას სასამართლოში დაიწყებს. 

ზაალ ჩაჩავას  კლუბში  პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მან ფეხბურთელებისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში სახელფასო დავალიანების გადახდა ვერ შეძლო. ფინანსური კრიზისის  გამო „ტორპედო“ მიმდინარე წლის ზაფხულში 12-მა წამყვანმა ფეხბურთელმა, მნიშვნელოვანი მატჩების წინ დატოვა.

ჩაჩავას კლუბიდან  წასვლას ითხოვდნენ ფანკლუბის წევრები, რადგან მიიჩნევდნენ, რომ მან გუნდი დაშლის პირას მიიყვანა.

ზაალ ჩაჩავამ პრობლემების მოგვარების პირობა რამდენჯერმე დადო. იგი იმედს ჩინელ ინვესტორთა ჯგუფზე ამყარებდა, თუმცა,  საბოლოოდ თანამშრომლობა არ შედგა.

ორი წლის შემდეგ  „ტორპედო“ კვლავ ინვესტორის გარეშე დარჩა. ქუთაისის მერია კლუბს  ვეღარ დააფინანსებს, რადგან მასზე ზრუნვა  „ფეხბურთის განვითარების ფონდს“ ევალება, რომელიც  კლუბს  წელიწადში 800 000 ლარით აფინანსებს, რაც რეალურად მხოლოდ მისი  შენახვის ხარჯებია. რაც შეეხება ახალ ინვესტორს,  ქუთაისის მერიაში არ საუბრობენ იმაზე, არის თუ არა ვინმე დაინტერესებული „ტორპედოში“ ინვესტიციის ჩადებით.

 


ამავე თემაზე:


ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ წელიწადში

Print