ახალი ამბები
დაპირება და რეალობა - როგორი იქნება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ფოტო)
FaceBook

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამშენებლო ტერიტორიაზე, 2016 წელს დაპირებული კომპლექსის ნაცვლად, სამი წლის შემდეგ მხოლოდ ორი ძირითადი კორპუსი ჩანს. სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა. მედიას კი ადგილზე შესვლის უფლება არ ეძლევა.


მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ადმინისტრაცია  და მმართველი პარტია ეტაპობრივად ავრცელებენ ინფორმაციას.


„ქართულმა ოცნებამ“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე 5 სექტემბერს ფოტომასალა გამოაქვეყნა, სადაც ჩანს როგორი იქნება უნივერსიტეტის საბოლოო სახე. ფოტოებზე მხოლოდ ორი ერთმანეთთან დაკავშირებული კორპუსია, რაც რადიკალურად განსხვავდება მმართველი პარტიის მიერ 2016 წელს საზეიმოდ წარმოდგენილი ესკიზისგან.

ფოტოებს თან ახლავს ინფორმაცია იმის შესახებ,  რომ უნივერსიტეტში  აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ დადგენილი კრიტერიუმებით შეირჩევა. უნივერსიტეტი კი,  კავკასიის მასშტაბით სამეცნიერო და სასწავლო სერვისების წამყვანი მიმწოდებელი იქნება.

უნივერსიტეტის ესკიზის ბოლო ვერსია

უნივერსიტეტის ესკიზის ბოლო ვერსია



პირველი ესკიზის მიხედვით კი საუნივერსიტეტო ქალაქის მასშტაბები, ასეთი იყო.

საუნივერსიტეტო კომპლექსის პირველი ესკიზი
საუნივერსიტეტო კომპლექსის პირველი ესკიზი


საუნივერისტეტო ქალაქის მშენებლობა ქუთაისელებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა,   2016 წელს,  საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე,  საზეიმოდ  ამცნო. მუხნარის ტერიტორიაზე მოწყობილ  პრეზენტაციაზე უნივერსიტეტის მაკეტიც  წარმოადგინეს და თქვეს, რომ 2019 წელს სასწავლებელი 60 000 სტუდენტის მიღებას შეძლებდა.


წლიდან წლამდე შეიცვალა როგორც მშენებლობის ვადები, ასევე, პროექტის მასშტაბები. ჯერ დაპირებული 2019 წლის ნაცვლად, უნივერსიტეტში სტუდენტთა პირველი ნაკადის მიღება 2020 წელს გადაიტანეს, შემდეგ კი ჯერარაშენებული უნივერსიტეტის რექტორმა, თემურ მურღულიამ  განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები პროექტის მიხედვით  15 000 სტუდენტზეა გათვლილი, თუმცა, მისივე თქმით, მკაცრი გამოცდების პირობებში,  პირველი აკადემიური რესურსი,   სავარაუდოდ,   მხოლოდ 2000 სტუდენტი იქნება.

 

ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის ვადებს  აპროტესტებს ადგილობრივი ოპოზიცია. მათი თქმით,  ხელისუფლება უნივერსიტეტის თემას არჩევნებიდან არჩევნებამდე ხელოვნურად ააქტიურებს, სინამდვილეში კი დაპირებული მასშტაბებით მის აშენებას არ აპირებს.




როგორი იყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მაკეტი, ნახეთ აქ:

Print