პოლიტიკა
"ტორპედო" ქუთაისის მერიის ბალანსზე გადადის
FaceBook
ქუთაისის მერიამ კლუბ ,,ტორპედოს" დაბრუნების პროცესი დაიწყო.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამასთან დაკავშირებით მათ უკვე ოფიციალურად მიმართა შპს ,,საფეხბურთო კლუბ ტორპედო ქუთაისის" ადმინისტრაციას.

მათივე ინფორმაციით, კლუბის მერიის ბალანსზე დაბრუნების საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მიმდინარე წლის ოთხ სექტემბერს გახდება ცნობილი.

"საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქუთაისის მერიის,საკრებულოს და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრისას, კლუბის გადაცემის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული", - აცხადებენ მერიაში. 

ქუთაისის მერი ასევე შეხვდა კლუბის პრეზიდენტ ზაალ ჩაჩავას. გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, თვითმმართველობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ,,ტორპედომ" უმაღლეს ლიგაში ითამაშოს.

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტი ზაალ ჩაჩავა თანამდებობიდან, მიმდინარე წლის 27 აგვისტოს, გადადგა.  

ჩაჩავას კლუბიდან წასვლას „ტორპედოს“ გულშემატკივრები რამდენიმე თვეა ითხოვდნენ. მის წინააღმდეგ ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქციებიც იმართებოდა.

პრეზიდენტის მიმართ პრეტენზიები ჰქონდათ ფეხბურთელებსაც, რომლებიც ოთხი თვის განმავლობაში ხელფასს ვერ იღებდნენ. კლუბში არსებულ ფინანსურ პროლემებს ადასტურებდა კლუბის პრეზიდენტიც. მან პრობლემების მოგვარების პირობა რამდენჯერმე დადო. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანი შეხვედრების წინ გუნდი 12-მა ფეხბურთელმა დატოვა. ზაალ ჩაჩავა მთავარ იმედს ამ დრომდე ჩინელ ინევსტორთა ჯგუფზე ამყარებს, რომლებსაც მისი თქმით, კლუბში ინვესტიციის განხორციელება სურდათ, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, „ჰუალინგ ჯგუფმა“ კლუბში თანხის ჩადებაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზად ინვესტორების მოთხოვნა დასახელდა, რომლის მიხედვითაც, ისინი კლუბის ინვესტირების სანაცვლოდ ქუთაისში, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ რამდენიმე მიწის ნაკვეთს ითხოვდნენ.

ქუთაისის "ტორპედო" ზაალ ჩაჩავამ აუქციონზე 2017 წელს, 300 000 ლარად შეიძინა. 
Print