ახალი ამბები
ზესტაფონში ავტობანის სამუშაოებზე დასაქმებული 150 მუშა გაიფიცა
FaceBook

ზესტაფონში, სოფელ ძირულასთან,  ავტობანის სამუშაოებზე დასაქმებული 150 მუშა  გაიფიცა.

ავტობანზე  სამუშაო პროცესი დილიდან პარალიზებულია.


„9 საათი ვმუშაობდით  და დღეში 22 ლარი გვიწევდა. მოვითხოვეთ ხელფასის  გაზრდა,  რადგან ძალიან მიზერული იყო ჩვენს შრომასთან შედარებით. 35 ლარამდე მოგვიმატეს, მაგრამ სანაცვლოდ  4 საათით გაგვიზარდეს სამუშაო გრაფიკი. თუ მანამდე დილის 8-დან საღამოს 6-მდე ვმუშაობდით შესვენების უფლებით, ახლა გვითხრეს 7 საათზე უნდა მოხვიდეთ და 12-მდე შესვენების გარეშე უნდა იმუშაოთო. გამგებელიც იყო საქმის კურსში, მაჟორიტარიც, მაგრამ შედეგი არ არის. ყველამ მოგვატყუა“, - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული ზაალ კვინიკაძე.


გაფიცულები სამუშაო პირობებსაც აპროტესტებენ და ამბობენ, რომ არასთანადო გარემოში უწევთ მუშაობა.


„ქუჩაში ვჭამთ საჭმელს.  მაგიდაც არ გვაქვს ჩვენი რომ დავსხდეთ და ადამიანურად ვისადილოთ. თვითონ მზარეულიც ჰყავთ და სამზარეულოც მოწყობილი აქვთ. წარმოუდგენელ პირობებში გვიწევს მუშაობა“,-ამბობს ზაალ კვინიკაძე.


მისი თქმით, მოთხოვნების შესრულებამდე არც ერთი მათგანი  სამუშაოს არ დაუბრუნდება.


ზესტაფონის მაგისტრალზე ავტობანის სამუშაოებს ჩინური კომპანია „ჩინეთის ხიდებისა და გზების კორპორაცია“ ახორციელებს. კომპანიაში გაფიცულების მოთხოვნებთან დაკავშირებით  განმარტებებს არ აკეთებენ.


"არ მცალია თქვენთვის. ძალიან ბევრი საქმე მაქვს" -განაცხადა კომპანიის ქართველმა წარმომადგენელმა, მამუკა არჩევნიშვილმა.

Print