ახალი ამბები
"ვიზეარის" მიერ 12 ახალი მიმართულებით ფრენების დაწყების ვადა გადაიწია
FaceBook

ავიაკომპანია „ვიზეარის“ მიერ ქუთაისის აეროპორტიდან 12 ახალი მიმართულების დამატების ვადამ გადაიწია.

კომპანიის ინფორმაციით, ავიაკომპანიისთვის ავიახომალდების მიწოდების ქსელში მოულოდნელმა შეფერხებამ რამდენიმე  ქვეყნიდან, მათ შორის, საქართველოდან დანიშნულ ახალ ავიარეისებზე მოახდინა გავლენა. ამის გამო, 2019 წლის ივნისში დაანონსებული მე-4 და მე-5 ბაზირებული ავიახომალდები აეროპორტს 2020 წლის ივლისიდან და დეკემბრიდან მოემსახურება, შესაბამისად, 12 ახალი მარშრუტის ამოქმედებაც შედარებით გვიან მოხდება.

 

მე-4 და მე-5 ბაზირებული ავიახომალდები ქუთაისის აეროპორტს 2020 წლის ივლისიდან და დეკემბრიდან მოემსახურება.

„ვიზეარმა“ მიმდინარე წლის ივნისსი,  ქუთაისიდან  12 ახალი მიმართულების დამატება დააანონსა. ესენია   ფრანკფურტი, ჰამბურგი, ჰერაკლიონი, კარლსრუე /ბადენბადენი, ნეაპოლი, ნიცა, ნიურნბერგი, პიზა, პოზნანი, სტოკჰოლმი, ტურკუს და ვენეცია.

კომპანია აცხადებს, რომ  მგზავრებს, რომლებმაც  უკვე შეიძინეს ბილეთები, სთავაზობს აირჩიონ იგივე მარშრუტი, მაგრამ მოგვიანებით ან რომელიმე სხვა მიმართულება, სხვა შემთხვევაში კი  ბილეთში გადახდილი თანხის 100 პროცენტი დაუბრუნდება.

 

მგზავრები, რომლებმაც დაჯავშნეს ბილეთები ონლაინ ტურისტული სააგენტოების მეშვეობით და არა wizzair.com-ით, უნდა დაუკავშირდნენ თავიანთ პარტნიორ სააგენტოს. მგზავრები, რომლებიც დარეკავენ საქართველოდან გრაფიკის შეცვლასთან დაკავშირებით, უნდა დაუკავშირდნენ „ვიზეარის“ სერვისცენტრს ნომერზე: +995 706 777 037.

„ვიზეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. ახალი მიმართულებების დამატება კი, მიმდინარე წლის ბოლოს და მომავალი წლის ივლისში იგეგმებოდა.

ამასთან, ცვლილება არ შეეხება ფრენებს, რომელთა დაწყება სექტემბერში იგეგმება – ტალინის, ბარის, კოპენჰაგენის, ეინდჰოვენის, ბაზელის და ბრიუსელის მიმართულებით.

Print