ახალი ამბები
ქუთაისში მუნიციპალური ავტობუსებისთვის ავტოპარკი მოეწყობა
FaceBook

ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მუნიციპალური ავტობუსებისთვის ავტოპარკი მოეწყობა.



მერია ავტოპარკს 2020 წლისთვის ამზადებს, როცა, ადგილობრივი ხელისუფლების დაპირებისამებრ,  ქალაქში მუნიციპალურმა  ავტობუსებმა უნდა იმოძრაონ.

ავტოპარკი 6 500 კვ.მ-ზე მოეწყობა და 80 ავტობუსზე იქნება გათვლილი. იქვე უნდა გაკეთდეს  ელექტრო ავტობუსების სატენი მოწყობილობა, დაახლოებით  10  ადგილი.

ავტოპარკში შესაძლებელი  იქნება  ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება და პროფილაქტიკა. 

ავტოპარკის პროექტი ადგილობრივ ბიუჯეტს 60 000 ლარი დაუჯდება.  რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოებს, ჯერჯეობით უცნობია რა თანხა დასჭირდება ობიექტის მშენებლობას.


მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ ივლისის თვეში დააანონსა. მისი თქმით, 2020 წლიდან ქალაქში  80 ახალი ავტობუსი გამოჩნდება.

ავტობუსების შეძენას „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (იბიარდი) დააფინანსებს.

პირველ ეტპზე მუნიციპალური ტრანსპორტი მხოლოდ სააავტობუსო პარკს ჩაანაცვლებს.  რაც შეეხება მიკროავტობუსებს, ადგილობრივ თვითმმართველობას ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით გეგმა არ აქვს.



ქუთაისში ათეული წლებია საქალაქო ტრანსპორტი კერძო კომპანიების ხელშია, რომლებიც მგზავრების ეფექტურ  მომსახურებას ვერ უზრუნველყოფენ. ავტოპარკის უდიდესი ნაწილი ძველია. საღამოს საათებში კი ქალაქში გადაადგილება გართულებული.

Print
თეგები: #ავტოპარკი