ახალი ამბები
"მოძღვარმაც დაარტყა ჩემს მეუღლეს" – სამტრედიაში ერაყის მოქალაქეს სცემეს
FaceBook
სამტრედიაში  არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა, მათ შორის  სასულიერო პირმა,  ერაყის მოქალაქეს და მის  მეუღლეს სცემეს.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 


"მე და ჩემი მეუღლე  გადასასვლელზე გადავდიოდით,  რა დროსაც სახელმწიფო მარკის მანქანაც მოდიოდა და  აგრესიული სიჩქარით გამოირჩეოდა.  გადასვლის დროს  მტვერი შემომეყარა, რის გამოც,  ჩემთვის ჩავილაპარაკე ეს რა არისთქო, არ ვიცი ეს გაიგონეს თუ რა მოხდა,   ავტომანქანა  უკუსვლით გაჩერდა, ლამის ფეხზე გადამიარეს და გადმოვიდა სამი პირი, მათ შორის იყო მოძღვარი, რომელმაც გააკავა ჩემი მეუღლე, რომ დანარჩენ ორს ეცემა. ეტყობოდათ, რომ ნასვამები იყვნენ, ჩემს მეუღლეს საშინელი სიტყვებით მიმართავდნენ, წაეთრიე შენს ერაყშიო, მოძღვარმაც  დაარტყა" , – ჰყვება ქუთაისიპოსტთან საუბარში დაზარალებული ქეთი კამკამიძე. 

ის ამბობს, რომ  მათ არავინ  მიშველებია, მხოლოდ მოგვიანებით თვითონ მოახერხა პატრულისთვის და სასწრაფოსთვის  დარეკვა. 

დაზარალებულები სამტრედიის პოლიციის განყოფილებაში  გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა,  ქეთი კამკამიძე ამბობს, რომ მათ გარდა არ დაუკითხავთ ის პირები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ერაყის მოქალაქე,  ბარაქათ ჯასიმ მოჰამმედ და მისი მეუღლე ერთი წელია სამტრედიაში ცხოვრობენ. ისინი მცირე ბიზნესით არიან დაკავებული.

"ჩვენც უნდა დავიძინოთ ამ საღამოს სახლში და იმათმაც? ისედაც არეულ პერიოდში და ქვეყანაში ვინ დამიცავს,  სამი მცირეწლოვანი შვილი მყავს, რა გარანტია მაქვს,  რომ  ან სახლში არ მომივარდებიან და ან ქუჩაში", – ამბობს დაზარალებული ქეთი კამკამიძე.

მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.



Print