ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თანაპარტიელმა ჩაანაცვლა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, გია უკლებას ადგილს,  მისივე თანაპარტიელი, ბექა ქვაჩაკიძე დაიკავებს.
საკრებულომ ახალი წევრის უფლებამოსილება ხმათა უმრავლეობით უკვე სცნო.

გია უკლება ბოლო ექვსი თვეა საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად, იგი საკრებულოს სხდომებს ვერ ესწრებოდა, რაც  მის მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდა.

გია უკლება ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 2010 წლიდან წარმოადგენს. იგი სამი მოწვევის საკრებულოს წევრია.

უკლება საკრებულოში ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩეოდა.  ბოლოდროინდელი  სკანდალი მის ცემას უკავშირდება, როცა, საკრებულოს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი მას თვითმმართველობის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდა.


ჩხუბის მიზეზი უკლებას მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი იყო.


დეპუტატის ცემის ფაქტზე არავინ დაუკავებიათ.  ჩხუბში,  გამოძიების მიერ დადგენილ პირებს, ამირან კოპალეიშვილსა და  იმედა საღინაძეს სასამართლომ  3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

Print