ახალი ამბები
2019 წლის 6 თვეში შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში 144 პირი იქნა მიცემული
FaceBook

ოჯახური ძალადობის წინაარმდეგ , შინაგანს საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) გამოიცა 5399 შემაკავებელი ორდერი, ხოლო 2018 წლის 6 თვეში - 3292.


 

შემაკავებელი ორდერების გამოცემის რეგიონული მაჩვენებელი შემდეგია:

თბილისი - 2655; 

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 563

ქვემო ქართლი - 477

კახეთი - 443

აჭარა - 428

შიდა ქართლი - 345

სამეგრელო-ზემო სვანეთი - 258

მცხეთა-მთიანეთი - 131

სამცხე-ჯავახეთი - 66

გურია - 33.

2019 წლის 6 თვეში შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში იქნა მიცემული 144 პირი, რაც ორდერების დარღვევის 3%-იან მაჩვენებელს შეადგენს. ხოლო 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის 6%-იანი მაჩვენებელი. აღნიშნული ადასტურებს შემაკავებელი ორდერების ეფექტიანობას, რაც მსხვერპლის დაცვის რეალურ მექანიზმს წარმოადგენს.


აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერების დარღვევა, ძირითადად, გამოხატული იყო მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის დარღვევაში და არა რაიმე ძალადობრივ ქმედებაში. დამრღვევი 137 შემთხვევაში იყო მამაკაცი, ხოლო 7 შემთხვევაში - ქალი.


პოლიციის მიერ პროაქტიულად შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის დროს, რაც მსხვერპლთან გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტებისა და სატელეფონო კომუნიკაციის გზით ხორციელდება, 10% შემთხვევაში მოხდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამოვლენა. აღნიშნული 2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედებული შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის მექანიზმის ეფექტიანობაზე მიუთითებს.


ასევე, მაღალია შემაკავებელი ორდერის დარღვევაზე მსხვერპლის მხრიდან პოლიციისადმი მიმართვის მაჩვენებელი, რაც დაზარალებულების სათანადო ინფორმირებულობასა და პოლიციის მიმართ ნდობის გაზრდაზე მეტყველებს.


თუმცა, მიმართვიანობის ზრდის პარალელურად, მსხვერპლთა გარკვეული ნაწილი თავს იკავებს დანაშაულის პოლიციისათვის შეტყობინებისაგან, რაც ახალისებს მოძალადეს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისაკენ.


შესაბამისად, მოვუწოდებთ მსხვერპლსა და ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, დროულად შეატყობინონ აღნიშნული ფაქტები პოლიციას, რათა მათი თანამშრომლობის შედეგად დაზარალებულებს ჰქონდეთ უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა და დაუსჯელი არ დარჩეს მოძალადე.

Print