ახალი ამბები
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის საქმეზე ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი დაიკითხა
FaceBook

სამტრედიის ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცის შეტანისთვის ბრალდებულის, ნუგზარ მარკოიძის  სასამართლო პროცესზე,  სამტრედიის ბაღების გაერთიანების დირექტორი დაიკითხა.

 

როგორც ხათუნა გაგუამ განმარტა,  ნუგზარ მარკოიძე   შპს "ნინიკოს" სახელით  ბაღების გაერთიანებას  2015 წლიდან ამარაგებდა.  თავად ხათუნა გაგუა გაერთიანების დირექტორის პოზიციაზე 2017 წლიდან დაინიშნა. ამ დროისთვის მარკოიძემ თავის შპს-ს სახელი გადაარქვა და დაწესებულების მიერ გამოცხადებულ ტენდერში უკვე შპს "ელენიკოს" სახელით მიიღო მონაწილეობა.


ხათუნა გაგუა ამბობს, რომ კონკრეტული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენამდე მას მარკოიძის მიერ მიწოდებული ხორცის ხარისხსა და ვარგისიანობაში  ეჭვი არ შეუტანია.


"სურსათის ეროვნული სააგენტო შემოტანილი პროდუქტის შემოწმებას წელიწადში 4-5-ჯერ ახდენდა და აქამდე პროდუქციის ხარისხში ეჭვი არ შემიტანია. არ დაფიქსირებულა აღსაზრდელის მოწამვლის ფაქტი, არც თანამშრომლებს გამოუთქვამთ პრეტენზია ხორცის ვარგისიანობის შესახებ, პირიქით, ეს ხორცი ძალიან მოსწონდათ",-განაცხადა გაერთიანების დირექტორმა პროცესზე.


ნუგზარ მარკოიძე სამტრედიის ბაღების ცხენის ხორცით მომარაგებისთვის 28 თებერვალს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული აყალბებდა ხორცის ვეტერინალურ მოწმობებს ე.წ. ფორმა #2–ს და ამ გზით ბაღებში ცხენის ხორცი შეჰქონდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე, 210-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნუგზარ მარკოიძეს 2–დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

Print