ახალი ამბები
„ტორპედო“ საკუთარ მოედანზე მატჩებს ახალ სეზონამდე ვერ მიიღებს (ფოტო)
FaceBook

ქუთაისის „ტორპედო“ ფინანსური კრიზისის პარალელურად, ინფრასტრუქტურული პრობლემების წინაშე დგას.


კლუბში ბოლო წლებია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა.


შპს „რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის“ დირექტორის, თამაზ კიკვაძის თქმით, იმისთვის, რომ კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებს უმასპინძლოს, ბაზაზე ყველაზე მცირე ერთი მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა ჩატარდეს.


პროექტის მიხედვით მოედნის  ინფრასტრუქტურა  თითქმის მთლიანადაა  შესაცვლელი.












სამუშაოების პროექტირება ქუთაისის მერიამ 35 000 ლარით დააფინანსა, თუმცა,  უცნობია საიდან მოიზიდავს კლუბი  რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხებს.


„იმისთვის, რომ სტადიონმა უეფას მოთხოვნებს უპასუხოს, პირველ ეტაპზე  ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულება დაახლოებით ერთი მილიონი ლარია. ყველაფერი რომ გავაკეთოთ,  რაც პროექტითაა გათვალისწინებული, სამი მილიონი ლარი მაინც სჭირდება. ამიტომ, ჯერ მხოლოდ აუცილებელ სამუშაოებზეა საუბარი“,-ამბობს თამაზ კიკვაძე.


კლუბს ფული არც მინიმალური სამუშაოების ჩასატარებლად აქვს, ამიტომ ჯერჯერობით მხოლოდ სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელსაც ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს.


სტადიონზე ბალახის საფარი მთლიანად იცვლება. სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, თუმცა, როგორც ირკვევა „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე ახალი სეზონის დაწყებამდე თამაშებს მაინც ვერ ჩაატარებს.


გასულ წელს, როცა „ტორპედო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე  გავიდა, მატჩების საკუთარ მოედანზე მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.   საზოგადოებისა და ადგილობრივი ოპოზიციის მწვავე პროტესტის შემდეგ,  ფეხბურთის ფედერაციამ,   უეფასთან შეთანხმებით კლუბს  შეხვედრების    ჩატარების უფლება მისცა.



როგორი უნდა იყოს "ტორპედოს" სტადიონი პროექტის მიხედვით, ნახეთ აქ:


ზაალ ჩაჩავას შეუსრულებელი დაპირება - რა დაემართა „ტორპედოს“ ერთ წელიწადში

Print