ახალი ამბები
კაფე "სავანეს " მეპატრონეებმა სააპელაციო სასამართლოსთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს (ვიდეო)
FaceBook
კაფე "სავანეს " მეპატრონეებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. ობიექტის მფლობელებმა ამ ფორმით სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

"მათ დღეს მოკლეს სამართალი. სასამართლომ შექმნა პრეცედენტი, რომ არც ერთი ადამიანის საკუთრების უფლება არ არის დაცული. ეს გვირგვინი დღეს სიმბოლურად მოვიტანეთ და ვამბობთ, რომ ქვეყანაში სამართლი დასამარდა. დადგება დრო და ამ გადაწყვეტილების გამო ყველა მოსამართლეს სამართლიანი პასუხი მოეთხოვება", - განაცხადა კაფის ერთ-ერთმა მეპატრონემ, გიორგი ტურაბელიძემ.


მანდატურებმა კაფის მეპატრონეებს გვირგვინის სასამართლოს შენობაში შეტანის უფლება არ მისცეს.


ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კაფე "სავანესა" და ქუთაისის მერიის დავაზე გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა.

კოლეგიამ ობიექტის მფლობელებს შენობის ქვეშ არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი უთხრა.

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროცესებზე ქუთაისის მერიის წარმომადგენლის პოზიცია და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. კოლეგიის თავმჯდომარემ, ხათუნა ხომერიკმა განაცხადა, რომ "სავანეს " აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების პერსპექტივაც კი არ აქვს, რადგან მიწა სკვერის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც მუნიციპალური საკუთრებაა და ამავდროულად განუსხვისებელი ქონება.

სასამართლოს გადაწყვეტილებას არაობიექტურად და მიკერძოებულად აფასებენ "სავანეს" მფლობელები.



საქმე ეხება,  ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს, რომელიც შპს „ნიკოლომ“ 1995 წელს შეიძინა. კაფის მფლობელები ამბობენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწის ნაკვეთიც შეისყიდეს, თუმცა, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ქუთაისის მერია კი ამბობს, რომ ბულვარის ტერიტორია, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, სკვერს წარმოადგენს. სკვერის გასხვისება კი კანონით აკრძალულია. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი „სავანესი“ ვერასდროს იქნებოდა. გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით „ნიკოლოს“ მის მიერ შეძენილი ბამბუკის მსუბუქი კონსტრუქცია ტერიტორიიდან უნდა გაეტანა.

 


მერიის პოზიციას არ ეთანხმება "სავანე". კაფის მეპატრონეები ამბობენ, რომ მერია დოკუმენტების გაყალბებით ცდილობს მათთვის ქონების წართმევას. 

 


ქუთაისის მერიისა და "სავანეს" დავაზე უფრო მეტი ნახეთ აქ.

Print