პოლიტიკა
ქუთაისში, თეთრ ხიდზე აქცია-პერფორმანსი გაიმართება
FaceBook
9 ივლისს, 19 საათზე, ქუთაისში, თეთრ ხიდზე არასამთავრობო ორგანიზაცია "პოსტერუმ ქუთაისის" მიერ აქცია-პერფომანსი გაიმართება.

"გთხოვთ, მობრძანდეთ და ერთად დავდგეთ ხვალაც ისე, როგორც ერთად ვიდექით გასული დღეები და ამ მძიმე ჟამს მსგავსი აქტივობების დროს ერთმანეთს ვაძლიერებდით. შევიკრიბებით "პიკასოს ბიჭის" მიმდებარედ, თუ გაქვთ ევროკავშირის, ნატოს და საქართველოს დროშები, თხოვნაა თან იქონიოთ," - ნათქვამია დაგეგმილი  აქციის ორგანიზატორების მიერ გამართულ ფეისბიქ გვერდზე. 

მოქალაქეების პროტესტის მიზეზი საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება და სესიის რუსულ ენაზე წაყვანა გახდა.

პროტესტის ტალღამ თითქმის ყველა ქალაქი მოიცვა. 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

რუსთაველზე განვითარებული მოვლენების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო მედიის 31-მა წარმომადგენელმა. თანამდებობა უკვე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, თუმცა, აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის და პოსტიდან უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარიაც.
Print