პოლიტიკა
ქუთაისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე დაწყებულ მშენებლობას აპროტესტებენ
FaceBook
ქუთაისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები მარჯანიშვილისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე ორსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნული ობიქტი ღვარსადენზე კანონდარღვევით შენდება და ის საფრთხეს რამდენიმე ქუჩას უქმნის. მოსახლეობის მტკიცებით, შენობა ღვარსადენს შეზღუდავს და წყლის გატარება ვერ მოხერხდება. ამასთან, მოსაზღვრე მეზობლების თქმით, ცხრა მეტრი სიმაღლის კედელი მათ საცხოვრებელ სახლს პრობლემას უქმნის. ადგილობრივები არასწორად გაცემული ნებართვის გამო მერიას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ნებართვა სპეციალურად, მელიქიშვილის პირველ ნომერშია გაცემული, რეალურად კი, მშენებლობა 5 ნომერში მიმდინარეობს. ადგილობრივები დავის სასამართლოში გაგრძელებას არ გამორიცხავენ.

მეზობლების ბრალდებას არ ადასტურებს მოპასუხე მხარე. ტერიტორიის მფლობელები აცხადებენ, რომ მშენებლობა კანონიერად მიმდინარეობს. რაც შეეხება ღვარსადენს განმარტავენ, რომ კორექტირების საკითხს მერიაში განიხილავენ და ცვლილების შემდეგ მშენებლობა გაგრძელდება.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მერიაში წარდგენილ დოკუმენტში, ღვარსადენი მითითებული არ იყო. მოკვლევის შედეგად დადგინდა აღნიშნული, რის გამოც მშენებლობის ნებართვა დაუყონებლივ შეჩერდება.
Print