პოლიტიკა
გაუქმებული ჯავშნები ქუთაისში - თურნავამ იმერეთის ბიზნესმენებთან შეხვედრა გამართა
FaceBook
ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისის ტურიზის ცენტრში სასტუმროების წარმომადგენლებთან რუსეთიდან ჯავშნების გაუქმების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე შეხვედრა გამართა.

იმერეთში მოქმედმა სხვადასხვა ტუროპერატორებმა და სასტუმროს წარმომადგენლებმა მინისტრს თავიანთი პრობლემები ინდივიდუალურად  გააცნეს. 

სასტუმროს მეპატრონეების უმრავლესობის თქმით, რუსეთიდან ფრენების აკრძალვამ და მოწოდებებმა იმის შესახებ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყოფნა საფრთხისშემცველია, მძიმე დარტყმა მიაყენა და რუსეთიდან ჯავშნების რაოდენობამ იკლო.

"ამ მოვლენებისა და რუსეთის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ 95% გაგვიუქმდა რუსეთიდან ჯავშნები, რომელიც ივლისისა და აგვისტოს თვეში იყო. ეს დიდი დანაკლისია ჩვენი კომპანიისთვის. ერთ-ერთი მსხვილი ჯავშანი "ალფა ბანკიდან" გვქონდა, 150 კაციანი, რომელიც გაგვიუქმდა პრეზიდენტის განცხადების შემდეგ. სახელმწიფო უწყებას არ აქვს უფლება პრეზიდენტის ასეთი განცხადების შემდეგ ჩამოვიდეს აქ და კონფერენციები გამართოს", - ამბობს ტურისტული კომპანია Check-in Goergia-ს" ერთ-ერთი დამფუძნებელი. 

შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, ტურიზმის კუთხით ქუთაისში არსებულ სხვა პრობლემებზეც. 

"2008 წლის შემდეგ ქუთაისში ერთი უბანი არ გარემონტებულა, მოშლილია ინფრასტრუქტურა, არ არსებობს რეკრეაციული ზონა. განვითარება გვინდა ძალიან და თუ თქვენი სურვილიც ეს არის, დაუთმეთ რამდენიმე წელი ქუთაისს და მოგვაქციეთ ყურადღება, რადგან ქალაქის ბიუჯეტი ამ საკითხებს ვერ წვდება ", - ამბობს სასტუმრო "სოლომონის" მენეჯერი, მერაბ გოგონაძე.

შეხვედრაზე მან, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებულ პრობლემაზეც ისაუბრა. მერაბ გოგონაძის თქმით, ქუთაისის აეროპორტიდან ბათუმსა და თბილისში უფრო მარტივად ჩადის ტურისტი, ვიდრე ქუთაისში. მისივე თქმით, ადგილზე ტაქსის მძღოლები ვიზიტორებს ძვირ თანხას ახდევინებენ, ტურისტები კი ამ მიზეზით ქუთაისის მონახულებას, ავტობუსებით თბილისსა ან ბათუმში გამგზავრებას ამჯობინებენ.

ნათია თურნავამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ამ საკითხის მარტივად გადაწყვეტა შესაძლებელია და აღნიშნულის პრობლემის გადაწყვეტის პირობა დადო. 

ბიზნესმენებმა შეხვედრაზე ბანკიდან გამოტანილი სესხების პრობლემაც დასვეს. მათი უმეტესობა ამბობს, რომ ბიზნესის დასაწყებად ბანკებიდან სესხები ჰქონდათ გამოტანილი და მთავრობას ამ საკითხში დახმარება სთხოვეს.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ის მსგავს შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მართავს. მისივე თქმით, მას მალე ექნება შეხვედრა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, სადაც შეხვედრებზე წამოჭრილ პრობლემს განიხილავენ და მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ დაეხმარონ დაზარალებულებს.


ამავე თემაზე:

გაუქმებული ჯავშნები რუსეთიდან - რა ხდება ქუთაისის სასტუმროებში
Print