პოლიტიკა
"ჭიღვარია წადი" -პროტესტის მეექვსე დღე ქუთაისში
FaceBook

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე "სავანეს " მეპატრონეები მეექვსე დღეა მერიის წინ  საპროტესტო აქციებს მართავენ.

მფლობელები ამბობენ, რომ ქუთაისის მერი პირადად არის დაინტერესებული მათი ქონების წართმევით, რის უფლებასაც არ მისცემენ.  "სავანეს " მეწილეები ქალაქის მერს ყოველდღე საყვირებით ხმაურის ფონზე ერთი და იგივე შეძახილებით:  "ჭიღვარია წადი " მიმართავენ.

"ნუ გგონიათ, რომ ერთი კაცის პროტესტი არაფერია.  ეს უფრო მეტია, ვიდრე მთელი თქვენი ჩეკისტური მერია. ჭიღვარია წადი"',- მიმართა ქალაქის მერს  კაფის ერთ -ერთმა მეპატრონემ, გიორგი ტურაბელიძემ.

კაფის მეპატრონეების თქმით, აქციებმა ნაწილობრივ უკვე გამოიღო შედეგი. მერის მოადგილემ, იუზა უგულავამ  მათთგან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. შეხვედრა 4 ივლისს უნდა შედგეს.

28 ივნისს, კაფის მფლობელებმა  პრესკლუბ "მედიარუმში"  განაცხადეს, რომ ქუთაისის მერიაში  მათი  ქონების  განკარგვის გეგმა მუშავდება, რაშიც პირადად ქალაქის მერი და  მასთან დაახლოებული პირი, საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი, ლაშა გვენეტაძეა ჩართული.   ბრალდებები იმავე დღეს უარყო ლაშა გვენეტაძემ და განცხადა, რომ "სავანეში" რამდენჯერმეა ნამყოფი და ისიც ნაყინის საჭმელად.



საქმე ეხება,  ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს, რომელიც შპს „ნიკოლომ“ 1995 წელს შეიძინა. კაფის მფლობელები ამბობენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწის ნაკვეთიც შეისყიდეს, თუმცა, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ქუთაისის მერია კი ამბობს, რომ ბულვარის ტერიტორია, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, სკვერს წარმოადგენს. სკვერის გასხვისება კი კანონით აკრძალულია. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი „სავანესი“ ვერასდროს იქნებოდა. გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით „ნიკოლოს“ მის მიერ შეძენილი ბამბუკის მსუბუქი კონსტრუქცია ტერიტორიიდან უნდა გაეტანა.

 


მერიის პოზიციას არ ეთანხმება "სავანე". კაფის მეპატრონეები ამბობენ, რომ მერია დოკუმენტების გაყალბებით ცდილობს მათთვის ქონების წართმევას. 

 


ქუთაისის მერიისა და "სავანეს" დავაზე უფრო მეტი ნახეთ აქ.

FaceBook Twitter

 

 

 

Print