ახალი ამბები
ხონში 10 წლის ბავშვის მამა ყოფილ მეუღლეს შვილის იძულებით წაყვანაში ადანაშაულებს
FaceBook

ხონში მცხოვრები ლიპარიძეების ოჯახი სამი დღეა  10 წლის შვილის ადგილსამყოფელს ეძებენ.


ბავშვის მამა დავით ლიპარიძე აცხადებს, რომ  29 ივნისს ღამის 11:00 საათზე ბავშვის დედა ნინო ცაგარეიშვილი ადვოკატთან, სოციალური სამსახურის წარმომადგენლთან და პოლიციასთან ერთან მივიდა ოჯახში და მძინარე ბავშვის იძულების წესით  წაიყვანა.

"ხალხნო, შვილი მაპოვნინეთ. ბავშვს არ უნდოდა დედასთან წასვლა, რის გამოც ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა. სწორედ, ასეთი  ბავშვი წაიყვანა დედამ, ჩემმა ყოფილმა მეუღლემ სოციალური სამსახურისა და პოლიციის დახმარებით. ამ შეხლა–შემოხლაში ჩემი  ორსული მეუღლე და დედა დაზიანდნენ", – ამბობს  ბავშვის მამა. 

ბებიას თავში გაურკეველი საგნით ჭრილობა აქვს მიყენებული. ის უკვე იმყოფებოდა ქუთაისში ექსპერტიზაზე.

მამის ოჯახის ადვოკატის თქმით, მომხდარზე გამოძიებას რამდენიმე მუხლით, მათ შორის დედის ადვოკატის მხრიდან ძალადობის და პოლიცილეების მიერ გულგრილობის ფაქტებზე ითხოვენ.

ლიპარიძეების ადვოკატი განმარტავს, რომ ოჯახის წინააღმდეგ რამდენიმე სახელმწიფო უწყება მოქმედებს და ამ დრომდე არ იციან ბავშვის ადგილსამყოფელი.

10 წლის ბავშვის ძალით წაყვანას არ ადასტურებენ არასრულწლოვანის დედის ოჯახში. ბებიის (დედის მხრიდან) ინფორმაციით, ბავშვის წაყვანა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა და ძალის გადამეტებას ადგილი არ ქონია.

ცაგარეიშვილები მომხდარში ბავშვის მამის ოჯახს ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ 7 წლის განმავლობაში ბავშვზე დედის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა. მათი თქმით, ბავშვი დედასთანაა და მას საფრთხე არ ემუქრება.

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის ნათია წივწივაძის განცხადებით კი, ბავშვის ამ ფორმით დაუყოვნებლივ გაყვანა, აუცილებლობით იყო გამოწვეული, რადგან მამა სოციალური სამსახურის მოთხოვნებს არ ასრულებდა.

მისი განმარტებით, მოზარდი მამის ოჯახში მატერიალურად უზრუნველყოფილი იყო, თუმცა, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა. წივწივაძის თქმით, ბავშვის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფა არ მომხდარა, ამ ეტაპზე კი ბავშვის მდგომარეობა შედარებით მშვიდია.

მომხდაზრე კომენტარს არ აკეთებენ ხონის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში.

ლიპარიძეების ოჯახში კონფლიქტი 2013 წელს დაიწყო, რის შემდეგაც სასამართლომ ამავე წელს ბავშვზე მეურვეობა დედას მიანიაჭა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბავშვის წინააღმდეგობის გამო, აღსრულება ვერ ხდებოდა. 2019 წელს დედამ სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მიმართა და მამა ბავშვზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში დაადანაშაულა.

მოსამართლემ დედის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მამას სამთვიანი შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

მხარეებს სასამართლოს გადაწყვეტილება 29 ივნისს ჩაბარდათ და ვიდრე მამის ადვოკატი საქმის აპელაციას მოითხოვდა, მოხდა ბავშვის გაყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსსახურის ინფორმაციით, არასრულწლოვნის მამის შეტყობინების საფუძველზე, ხონის რაიონულ სამმართველოში ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პრიმას ,,ა’’ ქვეპუნქტით, რაც ძალადობას გულისხმობს.

რაც შეეხება ბრალდებას პოლიციელების გულგრილობის შესახებ აცხადებენ, რომ გაყვანა მოხდა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და პოლიციამ აღსრულების პროცესში უზრუნველყო შესაბამის პირთა უსაფრთხოება.

 

Print