ახალი ამბები
"მეც "მიტყდება" შუშანიასთან ერთად მუშაობა, მაგრამ იძულებული ვარ" - ალეკო ახალაძე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ალეკო ახალაძე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გიგა შუშანიას მიერ საფინასო-საბიუჯეტო კომისიის დატოვებას პასუხობს.
მისი თქმით, არც მას აქვს შუშანიასთან ერთად მუშაობის სურვილი, თუმცა, იძულებულია.

"მეც  "მიტყდება" შუშანიასთან და მის მსგავს პიროვნებებთან ერთად მუშაობა, მაგრამ იძულებული ვარ. ამ  ჯგუფს რასაც ქვია "ნაციონალური მოძრაობა" და მისი ნამსხვრევები, სიძულვილის ენად მიაჩნიათ სიმართლე. დიახ, მე მხარდაჭერა გამოვუცხადე ნანა კოსტავას, რადგან მჯერა, რომ მან არ იცოდა  სიმართლე ან ემოციურ ფონზე თქვა ეს.  ამის მიუხედავად, მე გავემიჯნე მის განცხადებას, მაგრამ კოსტავას იმაზე მეტი დანაშაული არ ჩაუდენია, ვიდრე ჩადენილი აქვს გიგა შუშანიას", - განაცხადა ალეკო ახლაძემ.

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა და განაცხადა, რომ არ აპირებს იმ კომისიებში მუშაობას, სადაც ნანა კოსტავა და მისი მხარდამჭერი, ალეკო ახალაძე არიან.

"ერთადერთი ვრჩები ჯანდაცვის კომისიაში და თუ იქ გადმოვლენ, იმასაც დავტოვებ", - განაცხადა გიგა შუშანია.


ნანა კოსტავამ 28 მაისს ფეისბუქის პირად გვერდზე ჟურნალისტის სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წაწერით : "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე ". სალომე ბარკერი ერთი თვის წინ,  ლაგოდეხში ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის გოგონას დაა, ვიდეოში კი ბარკერი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.

დეპუტატის  პოსტს საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოყვა.  სამოქალაქო აქტივისტები  საკრებულოდან მისი წასვლას დღემდე ითხოვენ.

26 ივნისის სხდომაზე კი, რომელსაც კოსტავა არ ესწრებოდა, აქტივისტებმა პერფორმანსი მოაწყვეს სლოგანით:  "ნანა წადი". პერფორმანსზე დასწრებაზე უარი განაცხადა ალეკო ახალაძემ და პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. მისი თქმით, კოსტავას დანაშაული არ ჩაუდენია, სამოქალაქო აქტვისტები კი მსგავს აქტივობებს თანხის სანაცვლოდ აწყობენ. უფრო ადრე კი ალეკო ახალაძემ განაცხადა, რომ ნანა კოსტავამ "ქართულ ოცნებას" ბევრი ხმა მოუტანა და ის თანაგუნდელების მხრიდან მხარდაჭერას იმსახურებდა.

Print