ახალი ამბები
"ვერ ვიმუშავებ იმ კომისიაში, სადაც ნანა კოსტავა და ალეკო ახალაძე არიან" - გიგა შუშანია
FaceBook
ქუთაისის საკრებულოში  ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომისია დატოვა, რის მიზეზადაც  კომისიის შემადგენლობაში დეპუტატების, ნანა კოსტავასა და ალეკო ახალაძის ყოფნას ასახელებს.

მისი თქმით, არ აპირებს იმ დეპუტატებთან ერთად მუშაობას, რომლებიც სიძულვილის ენით გამოირჩევიან.


"მიმაჩნია, რომ   ადამიანებთან, რომლებიც  სიძულვილის ენით საუბრობენ იმ  ახალგაზრდებზე, რომლებიც მეცხრე დღეა დგანან აქციებზე, შეუძლებლია ქუთაისისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა.  ალეკო ახალაძე და ნანა კოსტავა არიან არაადკვატურები და საზოგადოებისთვის მიუღებელი ადამიანები.  ჩვენ მოვითხოვეთ  რიგგარეშე სხდომის მოწვევა და მათი გაშვება, მაგრამ საკრებულომ ეს არ გააკეთა. ამიტომ, პროტესტის ნიშნად დავტოვე საფინანსო-საბიუჯეტო კომისია და არ ვაპირებ მათთან ერთად მუშაობას არც ერთ ფორმატში. ერთადერთი ვრჩები ჯანდაცვის კომისიაში და თუ იქ გადმოვლენ, იმასაც დავტოვებ", - ამბობს გიგა შუშანია.


რაც შეეხება საკრებულოს წინა სხდომისთვის გამოცხადებული  ბოიკოტის გაგრძელებას, გიგა შუშანია ამბობს, რომ ამის შესახებ გადაწყვეტილებას  მოვლენების განვითარების შესაბამისად მიიღებენ.


"ნაციონალურმა მოძრაობამ" 26 ივნისის სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ  საკრებულოში მათ 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე ღია დებატების  შესაძლებლობა არ მიეცათ.

Print