ახალი ამბები
"საკრებულოს დეპუტატის ხელით ცდილობენ ქონების წართმევას" - "სავანეს" მეპატრონეები
FaceBook
კაფე "სავანეს" მეპატრონეები, რომლებსაც ქუთაისის მერიასთან სასამართლო დავა აქვთ, აცხადებენ, რომ ქუთაისის მერი მათთვის ქონების წართმევას ცდილობს.
კაფის მფლობელები ამბობენ, რომ გიორგი ჭიღვარია ამის გაკეთებას საკრებულოს დეპუტატის, ლაშა გვენეტაძის ხელით გეგმავს, რომელიც მასთან დაახლოებული პირია.


პრესკლუბ "მედიარუმში" გამართულ ბრიფინგზე,  კაფის ერთ-ერთმა მეპატრონემ, გიორგი ტურაბელიძემ განაცხადა, რომ ლაშა გვენეტაძეს  ფინანსური პრობლემები აქვს და ამ გზით ცდილობს მათ მოგვარებას.


"ჩვენი ინფორმაციით,  გიორგი ჭიღვარია პირადად არის დაინტერესებული კაფის მითვისებით, მაგრამ  კაფე რომ პირდაპირ  გადავიდეს მის ხელში, ეს არის სარისკო, ამიტომ  სჭირდება ვიღაც, ვინც "სავანეს" ჩაიბარებს. თავიდანვე გვქონდა  ეჭვი, რომ  ინტერესის ვექტორი მიდიოდა  საკრებულოში და ცოტა ხნის წინ სანდო წყაროსგან გავიგეთ, რომ ეს ადამიანი არის მისი ფავორიტი, ლაშა გვენეტაძე, რომელსაც ვიცე-მერის პოსტზე ლობირებს.  მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს,  დროულად იმოქმედონ და არ მისცენ მათ ჩვენი ქონების წართმევის საშუალება",- განაცხადა გიორგი ტურაბელიძემ.


კაფის მეპატრონეების იურისტი, ნინო მეფარიშვილი ამბობს, რომ "სავანეს" საკითხზე მერიის მაღალჩინოსნებს შორის საუბარი ერთ-ერთ რესტორანში შედგა.

"შემთხვევით აღმოჩნდა ჩემი ახლობელი იმ  სუფრაზე და  მოისმინა როგორ საუბრობდნენ "სავანეს" ხელში ჩაგდების გეგმაზე, ძალიან თავისუფლად, ისეთ ხალხთანაც კი, რომლებიც მათ ახლო წრეს არ წარმოადგენენ. მათ აქვთ დაუსჯელობის სინდრომი და ჰგონიათ,  რომ არავინ ამის გამო პასუხს არ მოსთხოვთ",-ამბობს ნინო მეფარიშვილი. 

ქუთაისის ცენტრალურ ბაღში მდებარე კაფე "სავანეს" მეპატრონეები,  რამდენიმე დღეა ქუთაისის მერიის წინ საპროტესტო აქციებს მართავენ. მათი თქმით, ქუთაისის მერია დოკუმენტების გაყალბების გზით მათთვის ქონების წართმევას ცდილობს.

მერია კი ამბობს, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც კაფე დგას,  მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და კაფის მეპატრონეებმა ან იჯარა უნდა გადაიხადონ, ან შენობის დემონტაჟი უნდა მოახდინონ.

საქმე ეხება,  ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს, რომელიც შპს „ნიკოლომ“ 1995 წელს შეიძინა. კაფის მფლობელები ამბობენ, რომ შენობასთან ერთად მათ მიწის ნაკვეთიც შეისყიდეს, თუმცა, მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებას ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. ქუთაისის მერია კი ამბობს, რომ ბულვარის ტერიტორია, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, სკვერს წარმოადგენს. სკვერის გასხვისება კი კანონით აკრძალულია. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთი „სავანესი“ ვერასდროს იქნებოდა.

 



ქუთაისის მერიისა და "სავანეს" დავაზე უფრო მეტი ნახეთ აქ.

FaceBook Twitter



Print