ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულომ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტა
FaceBook

ქუთაისის საკრებულომ  "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს,  გია უკლებას  უფლებამოსილება შეუწყვიტა.

უკლება ბოლო ექვსი თვეა საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად, იგი საკრებულოს სხდომებს ვერ ესწრებოდა, რაც  მის მიმართ უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი გახდა.

საკრებულოს ახლა უკვე ყოფილ დეპუტატს, სავარაუდოდ, ამავე პარტიის წევრი,  ბექა ქვაჩაკიძე ჩაანაცვლებს.

ახალი  კანდიდატურის წარდგენაზე  ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა იმსჯელოს, რის შემდეგაც,    დეპუტატის  უფლებამოსილება  საკრებულომ უნდა სცნოს.



გია უკლება ქუთაისის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 2010 წლიდან წარმოადგენს. იგი სამი მოწვევის საკრებულოს წევრია.

უკლება საკრებულოში ხმაურიანი განცხადებებით გამოირჩეოდა.  ბოლოდროინდელი  სკანდალი მის ცემას უკავშირდება, როცა, საკრებულოს უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი მას თვითმმართველობის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდა.

ჩხუბის მიზეზი უკლებას მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლის მიმართ შეურაცხმყოფელი პოსტი იყო.

დეპუტატის ცემის ფაქტზე არავინ დაუკავებიათ.  ჩხუბში,  გამოძიების მიერ დადგენილ პირებს, ამირან კოპალეიშვილსა და  იმედა საღინაძეს სასამართლომ  3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.


Print