ახალი ამბები
"ეს გაუბედეს ქუთაისს" - ელექტრომობილების საწარმოს პრეზენტაცია სამოქალაქო პროტესტის ფონზე
FaceBook

ელექტრომობილების  საწარმოს პროექტის პრეზენტაციის პარალელურად,  ქუთაისში აქცია მიმდინარეობს.

აქციის წევრები სამოქალაქო აქტივისტები არიან, რომლებიც  ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებული სცენის მოპირდაპირე მხარეს საპროტესტო სიტყვებით გამოდიან. 

"დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წარმომადგენლების თქმით, სირცხვილია, როდესაც ქვეყანაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე ქუთაისში მთავრობა ღონისძიებას მართავს.

"აქ მოვედი იმისთვის, რომ მეთქვა, დღეს თბილისში კონცერტს და ტაშ-ფანდურს ვერავინ გაბედავდა, ეს გაუბედეს ქუთაისს", - ამბობს "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" ლიდერი, ეკა ფხაკაძე.

პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ესწრება.

ცენტრალურ მოედანზე ელექტრომობილების პრეზენტაცია და კონცერტი 20 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების გამო კონცერტი გადაიდო, პრეზენტაცია კი არ გაუქმებულა.

პრეზენტაციაზე დასასწრებად ქუთაისში პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ჩამოვიდა, იგი მეუფის პანაშვიდზეც იმყოფებოდა.

პარალელურად, 20 ივნისის დილიდან საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მისვლის გამო თბილისსა და ქუთაისში საპროტესტო აქციები დაიწყო.

პრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე პრემიერმა ქუთაისი დატოვა, ხოლო ორგანიზატორებმა  პრეზენტაციის 26 ივნისს გადადების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.


 

Print