ახალი ამბები
"წითელი ბარათი გიორგი გახარიას "- საპროტესტო აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადაყენების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა მინისტრს სიმბოლურად წითელი ბარათები უჩვენეს და საყვირებით მისი თანამდებობაზე ყოფნა გააპროტესტეს. მათი თქმით, მინისტრს 20 ივნისის მოვლენების შემდეგ მორალური უფლება არ აქვს თანამდებობაზე დარჩეს.


მოქალაქეების პროტესტის მიზეზი,  საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება და სესიის რუსულ ენაზე წაყვანა გახდა.

პროტესტის ტალღამ თითქმის ყველა ქალაქი მოიცვა. 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იყო რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

რუსთავლეზე განვითარებული მოვლენების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო მედიის 31-მა წარმომადგენელმა. თანამდებობა უკვე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, თუმცა, აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის და პოსტიდან უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია.

Print