ახალი ამბები
ელექტრომობილების პროექტის პრეზენტაციაზე დასასწრებად ბაღის პედაგოგებს იბარებენ
FaceBook
ქუთაისში, ელექტრომობილების საწარმოს პროექტის პრეზენტაციაზე დასასწრებად სხვადასხვა საჯარო სამსახურების წარმომადგენლებს, მათ შორის, ბაგა-ბაღების პედაგოგებს იბარებენ.
ქუთაისიპოსტს ბაგა-ბაღში დასაქმებულმა ერთ-ერთმა პედაგოგმა აცნობა, რომ  მათ გამოუცხადეს ღონისძიებას  საღამოს უნდა დაესწრნონ. 

"გამოგვიცხადეს, რომ იმართებოდა კონცერტი და გვინდა თუ არ გვინდა უნდა დავესწროთ. წინაზეც ასე იყო, სხვა რა გზაა უნდა წავიდეთ, თუმცა, იქ წასვლის სურვილი ნამდვილად არ მაქვს", - ამბობს ქუთაისიპოსტთან ერთ–ერთი ბაღის მასწავლებელი, რომლის ვინაობას შესაძლო პრობლემების შექმნის გამო არ ვასახელებთ.  


ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, დავით წიტაიშვილი განმარტავს, რომ  პედაგოგებს მხოლოდ ინფორმაცია მიაწოდეს პრეზენტაციის შესახებ. 

"გინდა თუ არა ტერმინოლოგიით ჩვენ არ ვსაუბრობთ, თანამშრომლებს უბრალოდ გავაცანით ინფორმაცია, რომ არის პრეზენტაცია და ვისაც აქვს სურვილი მოვიდეს. თუ არ მოვა სამსახურიდან გავუშვებ თუ რას ვუზამ? არა ", - ამბობს დავით წიტაიშვილი. 

ქუთაისში, ელექტრომობილების საწარმოს პროექტის გადადებული პრეზენტაცია დღეს გაიმართება. ცენტრალურ მოედანზე ელექტრომობილების პრეზენტაცია და კონცერტი 20 ივნისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების გამო კონცერტი გადაიდო, პრეზენტაცია კი არ გაუქმებულა.

პრეზენტაციაზე დასასწრებად ქუთაისში პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ჩამოვიდა, იგი მეუფის პანაშვიდზეც იმყოფებოდა.

პარალელურად, 20 ივნისის დილიდან საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მისვლის გამო თბილისსა და ქუთაისში საპროტესტო აქციები დაიწყო. პრეზენტაციამდე რამდენიმე საათით ადრე კი პრემიერმა ქუთაისი დატოვა, ორგანიზატორებმა კი პრეზენტაციის 26 ივნისს გადადების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია.
Print