ახალი ამბები
ქუთაისში საპროტესტო აქციები კამპანიურ სახეს მიიღებს
FaceBook
ქუთაისში ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტი სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება

დღეს, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში შეკრებილებმა განაცხადეს, რომ 21 ივნისის მსგავსად მასშტაბური აქციები შესაძლოა აღარ იყოს, თუმცა ოკუპაციას ხვადასხვა ფორმით გააგრძელებენ.

"ვმუშაობთ გეგმაზე, როგორ მივცეთ ამ აქციებს კამპანიური სახე. აქციებს დავგეგმავთ სხვადასხვა ფორმით. ანტისაოკუპაციო შინაარსის ლოზუნგებსს გავაკრავთ  ქუჩებში, კაფეებს, სასტუმროებს და სხვადასხვა ობიექტებს მოვუწოდებთ, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით და ეტაპობრივად დავგეგმავთ სამოქმედო გეგმას, "-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

უცვლელი რჩება აქციების მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებასთან დაკავშირებით. ასევე, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულების გათავისუფლება.

საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა ასევე ისაუბრეს აქციებში პოლიტიკოსების ჩართულობაზე და განაცხადეს, რომ ყველას აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება, თუმცა, აქციაზე სიტყვით გამომსვლელები აქციის ორგანიზატორებთან წინასწარ უნდა შეთანხმდნენ.

ქუთაისში რუსი დეპუტატების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 20 ივნისს დაიწყო. ყველაზე მასშტაბური 21 ივნისის აქცია იყო, რომელიც ხუთი საათი გაგრძელდა. სამოქალაქო პროტესტი ცენტრალური მოედნიდან დაიწყო, ქალაქის ქუჩებში მსვლელობით გაგრძელდა და პარლამენტის შენობასთან დასრულდა. 


მოქალაქეების პროტესტი საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება და სესიის რუსულ ენაზე წაყვანა გახდა.

პროტესტის ტალღამ თითქმის ყველა ქალაქი მოიცვა. 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შეჭრა სცადეს, თუმცა, სამართალდამცველებმა ამის შესაძლებლობა არ მისცეს. აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

რუსთაველზე განვითარებული მოვლენების შედეგად 240 ადამიანი დაშავდა. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო მედიის 31-მა წარმომადგენელმა. თანამდებობა უკვე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა, თუმცა, აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ეს საკმარისი არ არის და პოსტიდან უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარიაც.
FaceBook Twitter

Print