ახალი ამბები
ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს პრეზენტაცია გადაიდო
FaceBook

ქუთაისში დაგეგმილი ელექტრომობილების ქარხნის პროექტის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო გასართობი შოუ და კონცერტი გადაიდო


აიგრუპის ინფორმაციით, ღონისძიების გადადების მიზეზი ქუთათელ - გაენათელი მიტროპოლიტის მეუფე კალისტრატეს გარდაცვალება გახდა.

„ჩვენ ვუსამძიმრებთ ოჯახს, მრევლს და მართლმადიდებელ ქრისტიანებს და ვიზიარებთ მათ წუხილს“ - აცხადებს კახა გულედანი აიგრუპის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

აიგრუპის ცნობითვე, ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს პრეზენტაცია 26 ივნისისს ჩატარდება. 

პრეზენტაციისთვის ქუთაისს სტუმრობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. ის მეუფე კალისტრატეს სამძიმარზე მივიდა და ქუთაისი დატოვა. 

პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“ (Aigroup)  ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე ელექტრომობილების საწარმოს ააშენებს. ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა.

კომპანიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები კი, წარწერით -Made in Georgia ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ეკოპროდუქციის, მზის პანელებისა და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები.

ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა. მას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა,  გიორგი დუგლაძემ, ქართული კომპანიის Aigroup და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებმა.

 

Print