ახალი ამბები
ქუთაისში ელექტრომობილების საწარმოს პრეზენტაცია დღეს გაიმართება
FaceBook

ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტს წარადგენენ. ღონისძიება ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.


პრეზენტაციას ინდუსტრიული ჰოლდინგი „აიგრუპი“ (Aigroup)  გამართავს.

ღონისძიება მულტიმედიური შოუთი გაიხსნება, რომლის შემდეგაც სიტყვით გამოვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, კომპანია „აიგრუპის“დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი და სამრეწველო და სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია.

ღონისძიება ჯგუფი SALIO-ს კონცერტით დასრულდება.

პროექტის თანახმად, ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“ (Aigroup)  ქუთაისში 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე ელექტრომობილების საწარმოს ააშენებს. ქარხანაში დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა.

კომპანიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები კი, წარწერით -Made in Georgia ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ ეკოპროდუქციის, მზის პანელებისა და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების საწარმოები.

ქუთაისში ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა. მას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა,  გიორგი დუგლაძემ, ქართული კომპანიის Aigroup და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებმა.

Print