ახალი ამბები
ნანა კოსტავამ საკრებულოს ფრაქცია დატოვა
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ნანა კოსტავამ, რომელიც სიძულვილის ენაში არის დადანაშაულებული, ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორები"  დატოვა.
ნანა კოსტავამ 28 მაისს ფეისბუქის პირად გვერდზე ჟურნალისტის სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წაწერით : "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე ". სალომე ბარკერი რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის გოგონას დაა, ვიდეოში კი ბარკერი თითზე გაკეთებული პრეზერვატივით ჯვარს გამოსახავს.

დეპუტატის პოსტს საზოგადოების უმწვავესი რეაქცია მოყვა.   რის გამოც, რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქში  საპროტესტო აქცია გაიმართა.  აქციის მონაწილეები კოსტავას საკრებულოდან წასვლას ითხოვდნენ.

კოსტავას ქმედება დაგმეს მისმა თანაგუნდელებმა. მას ერთდროულად დაატოვებინეს ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების " თავმჯდომარის პოსტი და გენდერული საბჭო.

საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკა ლატარიამ კი განაცხადა, რომ იგი კოსტავასთან ერთად საკრებულოში არ იმუშავებს.

თავად ნანა კოსტავამ თავდაპირველად განაცხადა, რომ  არ იცოდა თუ გარდაცვლილი გოგონა ბარკერის და იყო და  ჟურნალისტის მიერ გადაღებული ვიდეო,  17 მაისს,  ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით გააზიარა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობს და თვლის, რომ ღმერთთან მართალია.

ნანა კოსტავამ 31 მაისს ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა, რომ ის საკრებულოს მანდატს, სავარაუდოდ, 3 მაისს დატოვებდა. თუმცა, დღეს ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას, განაცხადა, რომ საკრებულოს დატოვება ამომრჩევლის კატეგორიული თხოვნით გადაიფიქრა:

"ამ ორი დღის განმავლობაში ჩემმა ამომრჩეველმა ისე მაიძულა, რომ არ მიმეტოვებინა [საკრებულო], მე მგონი დავრჩები, არ დავტოვებ. ყველა მეუბნება, შეცდომა ვის არ დაუშვია, გოგო, რას შვრები, არ მიგვატოვო, შენი მართალი ხმა გაგვაგონე. ძალიან ცუდად გამომივიდა, კი ბატონო, ვაღიარებ", - განუცხადა ნანა კოსტავამ  ტელეკომოანია "იმედს".
ნანა კოსტავას ქუთაისიპოსტთან საუბარი არ სურს. დეპუტატმა განგვიცხადა, რომ ჩვენი მედიაორგანიზაციის მხრიდან, მის მიერ ბოდიშის მოხდის შემდეგაც, ბერვი ტალახი მოხვდა.

Print