ახალი ამბები
მამაკაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, ცეცხლი განზრახ გააჩინა, უგონო მდგომარეობაშია
FaceBook
მამაკაცი, რომელმაც ბინაში, სადაც მისი ოჯახის წევრებს ეძინათ, სავარაუდოდ, ცეცხლი განზრახ გააჩინა, უგონო მდგომარეობაშია. იგი ქუთაისიდან ძლიერი დამწვრობით თბილისში გადაიყვანეს.

მძიმეა კიდევ ორი  დაშავებულის  მდგომარეობა. მათ შორის ერთი მცირეწლოვანი გოგონაა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს მე- 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

18 ივნისის დილას, ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოყვა.

მომხდარის შედეგად მთლიანადაა განადგურებული ოთხსართულიანი კორპუსი.


ადგილობრივები იხსენებენ, რომ დაახლოებით დილის 5 საათზე ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონეს, გარეთ გამოსულებს  კი კორპუსის მეორე სართულზე ცეცხლი დახვდათ.

მათი  თქმით, აფეთქებასა და ხანძარს წინ ხმაური უძღოდა, რომელიც   მეორე სართულის ბინიდან გამოდიოდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ბინაში, სადაც მამიდას და ძმისშვილს ეძინათ,  ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, ბენზინი შეიტანა და ცეცხლი განზრახ გააჩინა.

ადგილობრივთა თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი  გამთენიისას ბათუმიდან  სამარშუტო ტაქსით დაბრუნდა, ბინიდან ხმაური კი სწორედ მისი მისვლის შემდეგ ისმოდა.

ოჯახის წევრებს, სავარაუდოდ, ქონებრივი დავა აქვთ. 


ავტომშენებლის #14-ში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.   ოჯახებს, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ქუთაისის მერია დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფს. 







Print