ახალი ამბები
მეუფე კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
FaceBook
ქუთაის-გაენათის ეპარქიის წინამძღოლის, მეუფე კალისტრატეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით მეუფე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

ხარების ეკლესიის  მღვდელი, მამა პავლე ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ მეუფე ბოლოს გუშინ მოინახულა და ზეთი აცხო.

"გუშინ მოვინახულე, შვიდგზის ზეთისცხება ჩავუტარეთ. კონტაქტური უკვე აღარ იყო" - ამბობს მამა პავლე.

მეუფე კალისტრატე 10 დღეზე მეტია რეანიმაციულ განყოფილებაში გადის მკურნალობას. მან მძიმე ოპერაცია გადაიტანა.

ქუთაის-გაენათის ეპარქიამ მეუფის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ფოტოსთან ერთად ბოლოს 10 ივნისს გაავრცელა. კლინიკაში გადაღებულ ფოტოზე,  კალისტრატე   მამა იოსებ ბურჯანაძეს არქიმანდრიტის ხარისხით აჯილდოვებს.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის მუნიციპალიტეტისსოფელ ვარდისუბანში დაიბადა. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, რამოდენიმე თვეში აკურთხეს ეპისკოპოსად.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად. 1989 წლის 8 თებერვალსმეუფე კალისტრატე აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992 წლის 25 დეკემბერს კი - მიტროპოლიტისხარისხში.
Print