ახალი ამბები
"რუსეთი ოკუპანტია" – ქუთაისელი მაღალჩინოსნები, რომლებმაც აქციაში მონაწილეობა არ მიიღეს
FaceBook

ქუთაისის მერი, მოადგლეები, საკრებულოს თავმჯდომარე და უმრავლესობის დეპუტატები ამ დრომდე არ ჩართულან აქციაში, საკუთარ ავტომობილებზე გაეკრათ სტიკერები წარწერით: "რუსეთი ოკუპანტია".


ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეყობინებები სოციალურ ქსელ facebook-ში დაეგზავნათ. 

"ხუთი დღის წინ მივმართეთ, შემოერთებოდნენ  ჩვენ აქციას და მათ ფლობელობაში არსებულ ავტომობილზე დაეკრათ სტიკერი "რუსეთი ოკუპანტია" და ამით წვლილი შეეტანათ ამ მცირედ აქტივობაში.

ჩვენი წერილი მიიღეს და არ უნახავთ: მერის მოადგილეებს: ნინო თვალთვაძეს და დავით ერემეიშვილს. საკრებულოს წევრებს ქართული ოცნებიდან: ალეკო ახალაძეს, მაია სიმონიძეს, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილს, ვლასი გარდაფხაძეს, კახა ბოჭორიშვილს, მარეხი ნიჟარაძეს და ლაშა გვენეტაძეს.

ჩვენი წერილი მიიღეს და '"დასინეს": საკრებულოს თავჯდოამრემ ნიკოლოზ ლატარიამ, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ, ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, საკრებულოს წევრებმა: იმედა საღინაძემ, ოთარ ლორთქიფანიძემ, ამირან კოპალეიშვილმა, გიორგი ჭეიშვილმა, მამუკა რიჟამაძემ და მერაბ კვიცარიძემ", –  ნათქვამია  სოციალურ ქსელ facebook-ში შექმნილ გვერდზე "რუსეთი ოკუპანტია – ქუთაისი".

"რუსეთი, რომ ოკუპანტია ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, მაგრამ მთავარია,  ეს ვიცოდეთ და  გააზრებულად ვიმოქმდოთ, თორემ,   ვიღაც პოპულისტურად ამას გულზე დაიწერს ან  ზურგზე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მართლაც რაღაც თემაა. რაც შეეხება სტიკერის მანქანაზე განთავსებას, დღეს დილით კორპუსში აფეთქება იყო და იქ ვიყავი, ახლა თბილისში  ვარ და რომ ჩამოვალ მერე  ვნახოთ", – ამბობს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.   

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რამაზ ჩხიკვაძე კი განმარტავს, რომ შეტყობინებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. თუმცა, აღნიშნავს, რომ ამ სტიკერის მანქანაზე გაკვრა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

"საკუთარი ავტომობილი არ  მყავს და შესაბამისად, ვერ გავაკრავდი, მაგრამ ეგ სტიკერი შემიძლია ჩემი კაბინეტის კარზე განვათავსო",   – ამბობს  საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ლორთქიფანიძე.

"რუსეთი ოკუპანტია – ქუთაისი" ფეისბუქ ჯგუფი  ქუთაისელმა ნიკა დეისაძემ რამდენიმე დღის წინ შექმნა. 

"ჯგუფის შექმნის მიზანია მოხდეს მენტალური დეოკუპაცია", – ამბობს ნიკა  დეისაძე. მისი თქმით, აქციის ფარგლებში სტიკერები საკუთარ ავტომობილზე განათავსა მერიის რამდენიმე თანამშრომელმა, საკრებულოდან უმრავლესობის ორმა დეპუტატმა ირაკლი შენგელიამ  და ელეონორა არჩაიამ, ასევე,  "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.  


Print