ახალი ამბები
ქუთაისში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო
FaceBook
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ხანძრის გაჩენის ფაქტზე,  შსს-მ საქმე ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით (11 პრიმა 19-109) აღძრა.
უწყების მიერ აღნიშნული მუხლით გამოძიების დაწყება  ამყარებს ადგილობრივთა ვერსიებს იმის შესახებ, რომ ბინაში ბუნებრივი აირი არ დაგროვებულა და ხანძარი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მიზანმიმართულად გააჩინეს.

როგორც ქუთაისპოსტს ადგილობრივები უყვებიან, აფეთქებამდე ბინიდან ხმაური გამოდიოდა,  რამდენიმე წუთით ადრე კი ერთ-ერთმა პირმა  სახლში ბენზინი შეიტანა. მათი თქმით, ბინაში კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც  დაზარალებულებთან  ოჯახის ახლობელი სამარშრუტო ტაქსმა მიიყვანა, რომელიც ბათუმიდან მოდიოდა. თუმცა, იყო თუ არა ბათუმიდან ჩამოსული სტუმარი ის, ვინც ბინაში ბენზინი შეიტანა, ზუსტად არ იციან.

ერთ-ერთი ვერსიით კონფლიქტის მიზეზი ქონებრივი დავაა. 

ოჯახი, სადაც დღეს დილით აფეთქება მოხდა, მოსკოვიდან სამი დღის წინ დაბრუნდა.

ადგილობრივები გავრცელებულ ვერსიას ბინაში ბუნებრივი აირის დაგროვების შესახებ ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნევენ, რადგან მათი თქმით,   წლის ამ სეზონზე ფანჯრები ყველას ღია აქვს და სახლი ბუნებრივად ნიავდება. 

"სამი დღის წინ დაბრუნდნენ მოსკოვიდან. ამბობენ, სანამ ეს მოხდებოდა, რომელიღაცამ ბენზინი შეიტანა სახლშიო. ზუსტად რა მოხდა არავინ იცის. შეიძლება ცეცხლი გააჩინეს, შეიძლება გაზმა გაჟონა, მაგრამ ახლა ყველას ფანჯრები აქვს ღია და სავარაუდოდ, გაზი ვერ დაგროვდებოდა,"  'ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით არ იციან არც შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ დაზუსტებული ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ექსპერტები ადგილზე მუშაობას დაასრულებენ.
მოხდა თუ არა ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვა, ამაზე ვერც "სოკარ ჯორჯია გაზის " წარმომადგენლები საუბრობენ, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე. ტერიტორიაზე რჩებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები.

ავტომშენებლის #14-ში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდარის შედეგად დანგრეულია მეორე სართულის კედლები და დამწვარია ინვენტარი. ხანძარმა გაანადგურა შენობის პირველი და მესამე სართულები.

იმ ოჯახებს, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ქუთაისის მერია დროებით, საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანს - ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათი განცხადებით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.




Print