ახალი ამბები
"ამბობენ, ბენზინი შეიტანა სახლშიო" - ქუთაისში მომხდარი აფეთქების დეტალები
FaceBook
ქუთაისში ავტომშენებლის ქუჩაზე ადგილობრივებმა ძლიერი აფეთქების ხმა დაახლოებით დილის 5 საათზე გაიგეს. რამდენიმე წამში კი ოთხსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე ძლიერი ხანძარი დაინახეს.

"ექვსის 5-10 წუთი იქნებოდა, ჯერ აფეთქების, მერე კი სირენების ხმა გავიგე. გამოვედი და ასეთი ამბავი დამხვდა. ცეცხლში იყო მეორე სართული გახვეული " - ამბობს ავტომშენებლის ქუჩის მცხოვრები.

ადგილობრივთა თქმით, ოჯახი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა, ქვეყანაში სამი დღის წინ მოსკოვიდან დაბრუნდა. აფეთქებას კი წინ ბინიდან გამოსული ხმაური უძღოდა.

ადგილობრივები აფეთქებისა და ხანძრის გაჩენის რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტის ნიადაგზე ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ბინაში ბენზინი შეიტანა, თუმცა, უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი აფეთქებას, ზუსტად არ იციან.

"სამი დღის წინ დაბრუნდნენ მოსკოვიდან. ამბობენ, სანამ ეს მოხდებოდა, რომელიღაცამ ბენზინი შეიტანა სახლშიო. ზუსტად რა მოხდა არავინ იცის. შეიძლება ცეცხლი გააჩინეს, შეიძლება გაზმა გაჟონა, მაგრამ ახლა ყველას ფანჯრები აქვს ღია და სავარაუდოდ, გაზი ვერ დაგროვდებოდა,"  'ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით არ იციან არც შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ დაზუსტებული ინფორმაცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ექსპერტები ადგილზე მუშაობას დაასრულებენ.

მოხდა თუ არა ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვა, ამაზე ვერც "სოკარ ჯორჯია გაზის " წარმომადგენლები საუბრობენ, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე. ტერიტორიაზე რჩებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და ექსპერტები.

ავტომშენებლის #14-ში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მომხდარის შედეგად დანგრეულია მეორე სართულის კედლები და დამწვარია ინვენტარი. ხანძარმა გაანადგურა შენობის პირველი და მესამე სართულები.

იმ ოჯახებს, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ქუთაისის მერია დროებით, საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანს - ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათი განცხადებით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.



ამავე თემაზე:

კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა - ფოტოები შემთხვევის ადგილიდან
Print